რუსული გაზის შეწყვეტის გამო, დნესტრისპირეთში წარმოება გაჩერდა, მარტო კვების მრეწველობა მუშაობს

1 day ago 3

რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის გამო, მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში კვების მრეწველობის გარდა, ყველა საწარმო დაიხურა. ინფორმაცია 2 იანვარს დნესტრისპირეთის წარმომადგენელმა გაავრცელა.

”ყველა სამრეწველო საწარმო ამჟამად უმოქმედოა, გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც სურსათის წარმოებით არიან დაკავებული, ანუ უშუალოდ უზრუნველყოფენ დნესტრისპირეთის სურსათის უსაფრთხოებას,” - განუცხადა ადგილობრივ საინფორმაციო არხს რეგიონის სეპარატისტული მთავრობის ვიცე-პრემიერმა სერგეი ობოლონიკმა.

მისი თქმით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მაგრამ, "პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ თუ ის დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვარდა, შეუქცევადი ცვლილებები გვექნება, ანუ საწარმოები დაკარგავენ ამოქმედების უნარს", - დასძინა მან.

წარსულში მოლდოვის ავტონომიური რესპუბლიკა მოლდოვას 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოეყო. დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არც მოლდოვა და არც დასავლური სამყარო არ აღიარებს. რეგიონში დიდწილად რუსულად მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობს.

რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკავშირდება. კიევი მოსკოვს აქამდე ნებას რთავდა, გაეგრძელებინა მისი ტერიტორიის გავლით, ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი. ეს უკრაინას ყოველწლიურად მილიარდ დოლარამდე სატრანზიტო მოგებას აძლევდა.

თუმცა, 2025 წლის დასაწყისიდან, კიევმა უარი თქვა რუსეთთან ომის დაწყებამდე დადებული ხუთწლიანი ხელშეკრულების განახლებაზე, რომელსაც ვადა ორიოდ დღის წინ ამოეწურა. ევროპული ქვეყნები, როგორიცაა სლოვაკეთი და ავსტრია, გაზის შეწყვეტისთვის აქამდეც ემზადებოდნენ და საწვავის სხვა, ალტერნატიული მიმწოდებლები გამონახეს. დნესტრისპირეთის პრორუსი ლიდერი ვადიმ კრასნოსელსკი აცხადებს, რომ გაზის რეზერვი მათთან ჩრდილოეთ ნაწილში მხოლოდ 10 დღე გასტანს, ისიც - ლიმიტირებული გამოყენებით, სამხრეთში კი შეიძლება 20 დღემდე ეყოთ. რეგიონში დღემდე რუსეთს საკუთარი შეიარაღებული ძალების 1 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული.

სრულად წაკითხვა