„სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი“/„ვიმ-ბილ-დან საქართველო“) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა“, - წერს სეს-ი 7 აპრილს საღამოს 18:13 საათისთვის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სააგენტოს თანახმად, „ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს“.
სეს-ის თანახმად, ის რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს, შარშან რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ 15- ჯერ შეამოწმა და „არცერთი დარღვევა არ გამოუვლენია“.
„15-ჯერ შემოწმებას“ სააგენტო განმარტავს, როგორც „ინსპექტირებას, დოკუმენტური შემოწმებას/ნიმუშების სკვლევა სხვადასხვა მაჩვენებლზე, მათ შორის აფლატოქსინზე“.
- 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
- აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
„სოფლის ნობათის“ თანახმად, ეს იყო „აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტია“ და განაცხადა: „ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება“.