საბედისწერო 22 ივლისი პაოლო იაშვილისთვის

1 week ago 8

ისფერყანწელი პოეტის პაოლო იაშვილის ცხოვრებაში 1937 წლის 22 ივლისი საბედისწერო დღედ იქცა – მან მწერალთა კავშირში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სანდრო ელოშვილი, რეჟისორი:

“ოცდაჩვიდმეტში, ოცდაორ ივლისს, მწერალთა კავშირის კრებაზე სიგარეტი სთხოვა მეგობარს და ოთახიდან გავიდა…
აკაკი ბელიაშვილის ამბავს განიხილავდნენ, სტალინზე უთქვამს რაღაც ცუდად…
მანამდე, ოცდაერთში, იმ თებერვლის სიცივეში, რუსთაველზე დახვედრია წითლებს, ლექსიც დაუწერია…
“დავაგვირგვინოთ ჩვენ მომავალი
წითელ რუსეთის დაძმობილებით…”
აქ დაიბადა მგონი პაოლო, ამ ლექსთან ერთად…
ამ ლექსით გაშიშვლდა, ამ ლექსით დაეცა, ამ ლექსით გარდაიცვალა და სულ სხვა პოეტი მოევლინა კაცობრიობას… ტანჯვისთვის, ტკივილისთვის, გოლგოთისთვის დაბადებული პაოლო!
ალბათ თვითონ თქვა თავის თავზე ყველაზე კარგად:
“დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით.
ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის ქაჯად გადაგვარებით…”

ოცდაჩვიდმეტს დიდხანს იგრძნობს საქართველო, დიდხანს დაეტყობა და დიდხანს ეტკინება…
ყველას დახვრეტენ, ყველას მოსპობენ…
მარტო პაოლო იქნება, ვინც განაჩენად სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას თვითონ გამოუტანს თავის თავს და თვითონვე აღასრულებს…
მიხეილ ჯავახიშვილი იტყვის, ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო…
ხელოვნებას, გარდა პატივისა და დიდებისა, პასუხისმგებლობა ახლავს თან! ნათქვამის და სათქმელის პასუხისმგებლობა…
ყველა დაემალება თავის სიტყვებს, ცდის მაინც… პოეტი ვერ!
ოცდაჩვიდმეტში დასახვრეტებმა, რომ არ იცოდნენ ჯერ თავის ბედი, ბევრი თქვეს და ბევრიც არა პაოლოზე…
მკვდარი გაასამართლეს და აკრძალეს…

იმ დღეს კი, ოცდაჩვიდმეტში, ოცდაორ ივლისს, კრებაზე რომ სიგარეტი სთხოვა მეგობარს და ოთახიდან გამოვიდა, გასროლის ხმაზე დერეფანში გამოსულ პოეტებს, კიბიდან დაუძახებს გაფითრებული დამლაგებელი:
– იაშვილი, იაშვილი…”

სრულად წაკითხვა