საბერძნეთის მოქალაქეობის გამოცდები კანდიდატთა მხოლოდ 50%-მა ჩააბარა

2 hours ago 1

საბერძნეთის მოქალაქეობის მსურველი 4222 კანდიდატიდან გამოცდის ჩაბარება მხოლოდ 2136-მა შეძლო. ამის შესახებ გამოცემა newsbeast.gr იუწყება მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა გამოცდების შედეგები ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა კვალიფიკაციისთვის (C.E.G.P.). გამოცდები მიმდინარე წლის 6 აპრილს ჩატარდა. 

ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების 4222 უცხოელი კანდიდატიდან შეფასება მიიღო 4210-მა (12 კანდიდატი გამოცდიდან მოხსნეს გადაწერის გამო). გამოცდა წარმატებით ჩააბარა 2136-მა კანდიდატმა, ანუ  50,74%-მა.

საბერძნეთის მოქალაქეობის მსურველებს, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, შეუძლიათ მიმართონ მოქალაქეობის საკითხებში კომპეტენტურ სამსახურებს თავიანთ რეგიონებში შემდგომი პროცედურების აქტივაციისთვის.

რაც შეეხება საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებას – ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, არსებობს ნატურალიზაციის რამდენიმე საშუალება:

    1. მოქალაქეობა დაბადებით. საბერძნეთის მოქალაქეობის ავტომატური მიღება, ბავშვის დაბადების ადგილის მიუხედავად, თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც არის საბერძნეთის მოქალაქე.
    2. მოქალაქეობა ქორწინების საფუძველზე. უცხოელებს შეუძლიათ საბერძნეთის მოქალაქეობის მოთხოვნა საბერძნეთის მოქალაქეზე დაქორწინებიდან 3 წლის შემდეგ. ცოლქმრული ურთიერთობების ნამდვილობის დადასტურება ხდება ქორწინების მოწმობით და ერთობლივი ცხოვრებით (ერთობლივი რეგისტრაცია).
    3. საბერძნეთში ხანგრძლივად ცხოვრება – უცხოელებს, რომლებიც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობენ, სულ ცოტა, 7 წელი მაინც, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი მოქალაქეობაზე. ამისთვის საჭიროა, დაადასტურონ სტაბილური შემოსავალი ან დასაქმება და ჩააბარონ გამოცდები ბერძნულ ენაში, ქვეყნის კულტურასა და ისტორიაში.
    4. ინვესტიცია ეკონომიკაში: პროგრამა Golden Visa საშუალებას აძლევს უცხოელს, ინვესტიციის სანაცვლოდ თავდაპირველად მიიღოს ცხოვრების უფლება, მოგვიანებით კი – მოქალაქეობა. ინვესტირება შესაძლებელია უძრავ ქონებაში, ბერძნულ ბიზნესში ან ფონდში. საბერძნეთში ცხოვრება აუცილებელი არ არის, მაგრამ აუცილებელი პირობაა ცხოვრების უფლების გაგრძელება ყოველ 5 წელიწადში.
    5. მოქალაქეობა ეთნიკური ბერძნებისთვის. ბერძნული წარმოშობის ადამიანებს მოქალაქეობის მიღება გამარტივებულად შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა დოკუმენტების წარდგენა, რომლითაც საბერძნეთის მოქალაქეებთან ნათესაური კავშირები დადასტურდება.

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებისას შესაძლოა გარკვეული ნიუანსები გამოიკვეთოს და სიძნელეები წარმოიშვას. მაგ., სირთულე ურთიერთობებისას ენობრივი ბარიერის გამო, განაცხადის განხილვის ხანგრძლივი ვადები და ბანალური ბიუროკრატია. საბერძნეთის მოქალაქეობის ბევრი პრეტენდენტი დახმარებისთვის პროფესიონალ მიგრაციის აგენტებს, ადვოკატებს  მიმართავს, რომლებიც მათ დოკუმენტების მომზადებაში ეხმარებიან და ყველა ეტაპზე თანმხლებნი არიან.

ნატურალიზაციის მეთოდის არჩევა თქვენს სიტუაციასა და მიზნებზეა დამოკიდებული. პროცესისთვის მომზადება მოთმინებასა და გულმოდგინებას მოითხოვს, თუმცა თუ საკითხს ასე მიუდგებით, შედეგი ყველა ძალისხმევას გაამართლებს.

ნინო ხოშტარია

ახალი საგამოცდო სისტემა საბერძნეთის მოქალაქეობის მსურველთათვის: როდის და როგორ ჩატარდება გამოცდები

სრულად წაკითხვა