საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ Youtube არხი გაითიშა

6 hours ago 7

საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ რედაქცია აცხადებს, რომ მათი YouTube არხი კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად, 25 ივლისის დილიდან გაითიშა.

მათი ინფორმაციით, მანამდე, ივლისის დასაწყისში, კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად Meta-მ „მონიტორის“ რამდენიმე მასალა წაშალა, თუმცა პლატფორმასთან კომუნიკაციის შედეგად ეს მასალები მალევე აღდგა.

„მონიტორის“ ინფორმაციით, ამჯერად, YouTube-ზე გასაჩივრებულია (ე.წ. დარეპორტება) მათი სამი მასალა:

„პირველი ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის Hermès-ის კოლექციას;

მეორე მასალა შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს;

მესამე კი არის ჩვენი ვრცელი ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი, რომელიც ეხება სიგარეტზე აქციზის ფასის ცვლილებას - ის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესინტერესებს აკმაყოფილებდა“, - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტიდია „მონიტორის“ რედაქცია ამბობს, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ კოორდინირებული შეტევით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად და არხის დროულად აღსადგენად:

„ჩვენ ამ ტიპის შეტევებს განვიხილავთ, როგორც დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის მორიგ მცდელობას. თუმცა, მსგავსი მეთოდებით ჩვენს საქმიანობას ხელს ვერ შეუშლიან“, - აცხადებენ სტუდია „მონიტორში“.

სტუდია "მონიტორი" 2005 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა. დაარსებიდან დღემდე მათ რამდენიმე ასეული ჟურნალისტური გამოძიება და სიღრმისეული რეპორტაჟი აქვთ მომზადებული. მათ მიერ მომზადებულ გახმაურებულ საგამოძიებო მასალებს არაერთი მნიშვნელოვანი პრიზი აქვთ მიღებული.

სრულად წაკითხვა