საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ნევინომისკის იმ რაიონში, სადაც Wildberries-ის ცენტრი იწვის

5 days ago 24

რუსეთის სტავროპოლის მხარის ხელისუფლებამ ლოკალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქალაქ ნევინომისკის იმ რაიონში, სადაც უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრს.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩაერთო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენიც.

ნევინომისკში კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე დრონებით შეტევა 22 ივლისს იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი.

დარტყმა Wildberries-ის კრასნოდარის ცენტრზე

22 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზეც ქალაქ კრასნოდარში. დარტყმამ აქაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია და ნევინომისკის მსგავსად საჭირო გახდა ევაკუაცია.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, დაშავდა 10 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.

სრულად წაკითხვა