სვალბარდის თესლების საცავი, ანუ როგორც მას უწოდებენ, „განკითხვის დღის საცავი“ ნორვეგიაში, არქტიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გენეტიკური ბანკია. ამ ბანკის ამოცანაა, შესაძლო გლობალური კატასტროფების შემთხვევაში, როგორიცაა: ასტეროიდის დაცემა, ბირთვული ომი ან გლობალური დათბობა – განადგურებისაგან დაიცვას სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენეტიკური რესურსები. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამტკიცებს, რომ ჩვენს პლანეტაზე სახეობათა კიდევ ერთი დიდი გადაშენება უკვე დაწყებულია.
სწორედ აქ, „განკითხვის დღის საცავში“ ქართული მარცვლეულის კულტურების თესლის ნიმუშები განთავსდა, რაც გლობალური გამოწვევების პირობებში არა მხოლოდ ჩვენი უნიკალური გენეტიკური რესურსების დაცვას უზრუნველყოფს და საჭიროების შემთხვევაში აღდგენის შესაძლებლობის გარანტიას იძლევა, არამედ საქართველოს აღიარებს, როგორც მნიშვნელოვან მოთამაშეს კვებითი უსაფრთხოების გლობალურ სისტემაში.
ქართული მარცვლეული კულტურების – ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ადგილობრივი ჯიშების თესლების 210 უნიკალური ნიმუში, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს აგრარულ კულტურასა და კვებით უსაფრთხოებას განსაზღვრავდა, ქვეყნის რვა რეგიონშია შეგროვილი და იდენტიფიცირებული.
მარცვლეული -18°C-ზე ინახება. ცივი ამინდი და სქელი კლდე იმის გარანტიას იძლევა, რომ ნიმუშები იმ შემთხვევაშიც კი არ გაფუჭდება, თუ ელექტროენერგია გაითიშება.
თესლების გლობალურ საცავში ამჟამად 1,3 მილიონზე მეტი თესლის ნიმუში ინახება 123 დეპოზიტორისაგან, რომლებიც 6297 სახეობას მოიცავს. მიმდინარე წელს ქართულ ნიმუშებთან ერთად საცავს დამატებით 14 000 ახალი ნიმუში დაემატა.
საცავი 2008 წელს შეიქმნა. ის კლდეშია გაშენებული და მისი სიღრმე ას მეტრს აღემატება.
სპეციალისტებმა ეს ადგილი შემთხვევით როდი შეარჩიეს. ის გეოლოგიური მდგრადობით და დაბალი ტენიანობით გამოირჩევა. მათი თქმით, საცავი დაცულია ისე, რომ მას ოკეანე ვერ შთანთქავს. საცავში 2,5 მილიარდი მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი, რაც უსაფრთხო სამრეწველო მომავლის გარანტიაა, აღნიშნავენ მეცნიერები.
სვალბარდის არქიპელაგი და მისი ნაწილი, კუნძული სვალბარდი თესლების მსოფლიო საცავის ადგილად იმიტომ იქნა არჩეული, რომ ეს არის სეისმურად მშვიდი ზონა და, 1920 წელს ხელმოწერილი სვალბარდის ხელშეკრულების თანახმად, დემილიტარიზებული ტერიტორია, შესაძლოა ყველაზე მშვიდი ადგილი დედამიწაზე.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ