სადიგოვის ცოლი ილჰამ ალიევს მიმართავს: შეწყვიტეთ ეს დანაშაული

1 week ago 14

აფგან სადიგოვის ცოლი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართავს და თხოვს, შეწყვიტოს მისი ოჯახის მიმართ რეპრესიები, რომელიც ალიევს “ღირსებას ვერ მოუტანს”.

“პრეზიდენტო ილჰამ ალიევ, ჩემი ქალიშვილებიდან ერთი 12 წლისაა, მეორე კი 17-ის. მათი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ქცევა და ამ რეპრესიების ნაწილად გახდომა თქვენთვის და თქვენი რეჟიმისთვის არანაირ ღირსებას არ მოიტანს.

მე დაახლოებით ორი კვირაა საავადმყოფოში ვიმყოფებოდი. ჩემი ქალიშვილი დაავადდა. ეს პოლიტიკური მუქარა, რეპრესიები, მამების შვილებისგან დაშორება და ქვეყნიდან იძულებით გაძევება ჩემს შვილებს მძიმე დარტყმად დაატყდა. ჩემი შვილები მამასთან მხოლოდ ტელეფონით ახერხებდნენ დაკავშირებას; ისინი ეკრანზე ხედავდნენ მამას და მის სახეს. ახლა კი მისი ხმისთვისაც არიან მონატრებულნი.

8 ივნისს აფგანი დააკავეთ. უკვე ორი დღეა, ჩემი ქალიშვილი ყოველდღე ეკითხება მამაზე, ენატრება და მისი ხმის მოსმენა სურს. ჯერ კიდევ ვერ ვეუბნები ბავშვებს ამ დაკავების შესახებ.

ამგვარად ოჯახის განადგურება, ჩემი შვილების ცრემლებით დატოვება და მათი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ქცევა თქვენთვის და თქვენი ხელისუფლებისთვის ღირსებას არ მოიტანს.

ბატონო ილჰამ ალიევ, თქვენ სამი შვილი გყავთ. თუ ოდნავ მაინც გაქვთ თანაგრძნობა და სინდისი, ნუ აქცევთ ამ ბავშვებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.

მე არ ვიცი სად იმყოფება აფგან სადიგოვი და რა მდგომარეობაშია. მაგრამ მიეცით მას შესაძლებლობა, დაურეკოს თავის შვილებს. ეს ბავშვები აზერბაიჯანელი ხალხის წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან. თუმცა სწორედ თქვენი შექმნილი სისტემა გვწირავს განადგურებისთვის და გვაიძულებს ემიგრაციაში ცხოვრებას”, – წერს სევინჩ სადიგოვა.

საქართველოდან დაახლოებით 2 თვის წინ დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში, უკვე შეწყვეტილ საქმეზე კვლავ დააპატიმრეს.

აფგან სადიგოვის ადვოკატის ცნობით, 2024 წელს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აღძრული აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელახლა განიხილება:

„გენერალურმა პროკურატურამ 2024 წელს აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტა. ამ საქმის დაზარალებულებმა ბინაგადის რაიონულ სასამართლოს მიმართეს გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. დღეს სასამართლომ საჩივარი განიხილა, გააუქმა გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილება და დაზარალებულთა მოთხოვნა დააკმაყოფილა. შედეგად, 2024 წელს აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე კვლავ გამოძიებას დაექვემდებარა. ამავე დღეს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ აფგან სადიგოვს 30 ივლისამდე პატიმრობა შეუფარდა.“

2024 წელს Azel TV-ის ინტერნეტარხის დამფუძნებლის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (გამოძალვა მუქარით).

2024 წლის 4 აგვისტოს აფგან სადიგოვი საქართველოში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაკავებისა და აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტის ექსტრადიცია აკრძალა.

აფგან სადიგოვი 2025 წლის აპრილში გათავისუფლდა. 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტა. 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, გააუქმა აფგან სადიგოვისთვის საქართველოს დატოვების აკრძალვა.

თუმცა 2026 წლის 4 აპრილს, ღამით აფგან სადიგოვი თბილისში მდებარე სახლიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და აზერბაიჯანში გააძევეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მხარის მიერ კანონის უხეში დარღვევის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

აზერბაიჯანში დეპორტაციის შემდეგ ჟურნალისტთან საუბარში აფგან სადიგოვმა განაცხადა:

„აზერბაიჯანის ხელისუფლება სამშობლოში დაბრუნებულ ოპონენტებს დაუყოვნებლივ არ აკავებს – ამას მოგვიანებით აკეთებს.“

აფგან სადიგოვი მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

საერთაშორისო უფლებადამცველმა და ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა საქართველოში აფგან სადიგოვის დაკავება და აზერბაიჯანში მისი გადაცემა მკაცრად დაგმეს.

სრულად წაკითხვა