სადიგოვის ცოლის თქმით, თვალთვალის გამო საფრანგეთის პოლიციას მიმართა

1 hour ago 3

აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლი,  სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ საფრანგეთში მას უთვალთვალებენ, დევნიან და აშანტაჟებენ. მისი თქმით, ეს მისი საჯარო აქტივობისა და ქმრის საკითხებზე განცხადებების გამო ხდება.

„მე არ ვდუმვარ. ვაპროტესტებ, ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, ვმართავ პირდაპირ ეთერებს და მიმდინარე მოვლენებს საჯაროდ ვახმაურებ. სწორედ ამის გამო საფრანგეთში მითვალთვალებენ, მდევნიან და მაშანტაჟებენ“, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში სადიგოვა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა საფრანგეთის პოლიციას.

როგორც სადიგოვა ამბობს, სამართალდამცავებს გადასცა იმ პირების ფოტოები და ვიდეომასალა, რომლებიც, მისი თქმით, მას უთვალთვალებენ. ასევე წარუდგინა მუქარის, შანტაჟისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველი შეტყობინებები.

სადიგოვას ცნობითვე, საფრანგეთის პოლიციამ საქმე კონტროლზე აიყვანა. მისი თქმით, მისი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციური კონტროლი ხორციელდება და ამ საკითხს სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან.

„იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც მითვალთვალებენ და მემუქრებიან, უახლოეს პერიოდში დადგინდებიან, დაეკისრებათ პასუხისმგებლობა და სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ამ ეტაპზე მდგომარეობა სწორედ ასეთია“, – უთხრა სევინჩ სადიგოვამ ნეტგაზეთს.

თბილისიდან აზერბაიჯანში გაძევებულ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინაწარი პატიმრობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით აქვს შეფარდებული, 2026 წლის ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ამასთან, საქმეს სამი ახალი „დაზარალებული“ დაემატა.

2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. მოთხოვნა უკავშირდებოდა მის წინააღმდეგ წაყენებულ სისხლის სამართლის ბრალდებას – გამოძალვას. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის არ უნდა გადაეცათ, საქართველოს ხელისუფლებამ ის 2025 წლის 16 აპრილს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 2026 წლის პირველ აპრილს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა, ხოლო 5 აპრილს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში იყო დეპორტირებული. აზერბაიჯანში იგი 8 ივნისს ისევ დააკავეს ძველი ბრალდების საფუძველზე.

სევინჩ სადიგოვა ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, თბილისში აფგან სადიგოვის დაპატიმრების შემდეგ, საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

ევროსაბჭოს კომისარი აზერბაიჯანისგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას ითხოვს

სრულად წაკითხვა