საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერებმა მედიასთან საუბარში თქვეს, რომ მათ სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელეს საერთო საკოორდინაციო ფრონტის შექმნაზე.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო ფრონტმა იმუშაოს, კონკრეტული მიზნებისთვის, იყოს ქმედითუნარიანი და მასში მონაწილეობა მიიღოს, არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა.
"ძირითადად, კოორდინაცია დემოკრატიულ ძალებს შორის, ხდებოდა ხოლმე საგარეო ფრონტზე და ამან მნიშვნელოვანი შედეგებიც მოგვიტანა. ამიტომ, თუ ამგვარი კოორდინაციის მოდუსი და მექანიზმები გადმოვა შიდა საკითხებზე, იქნება ეს არჩევნების მომზადება, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება თუ სხვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - ამბობს ბოკუჩავა.
"ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ საერთო ფორმატი მეხუთე პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიმუშავონ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური ჯგუფები და ის საზოგადოება, რომელიც პროტესტში იღებს მონაწილეობას.
"სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ მოხდეს მაქსიმალური კოორდინირება, მაქსიმალური დაახლოვება პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებრივი ჯგუფების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ირგვლივ უნდა მოხდეს ამ საერთო ფორმატის შემუშავება, ეს შეიძლება იყოს მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფრონტი, საკოორდინაციო საბჭო. შინაარსი არის ის, რომ აქ უნდა იყოს მართლაც პოლიტიკური ცენტრები, საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც დგანან ქუჩაში", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
თინა ბოკუჩავას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, ასევე 31 მარტის "დიდი აქცია", რაზეც პარტიები ერთობლივად იწყებენ მუშაობას.
"განვიხილეთ 31 მარტის დიდი აქცია, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის დღე, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ერთობლივად დავიწყებთ მზადებას".
პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ზურაბშვილთან განიხილეს ახალი არჩევნებისთვის მომზადების საკითხიც, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრები თემა და საკანონმდებლო ბაზა.
"მთავარი არის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე და მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
მეოთხე თვეა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნების, ახალი საპარლამენტო არჩევნების და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნებით.
აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების" მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.