ყაველაშვილმა დღესვე მოაწერა ხელი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ მორიგ ცვლილებებს

2 hours ago 4

დღეს, 16 ოქტომბერს, - მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება, - მიხეილ ყაველაშვილმა ცვლილებებს ხელი მოაწერა.

აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ, კანონი გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე და ძალაშიც შევიდა.

კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:

  • მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.

ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
  • ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
  • გზის გადაკეტვისთვის.

„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.

მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შედის კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:

„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.

უკვე 320 დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.

სრულად წაკითხვა