WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ალექსი ნონიაძე საგზაო-სატრანსპორტო წესებთან მიმართებით რეგულირების მხრივ და ჯარიმების დაწესება/გაზრდასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივას, კონკრეტული შეფასებებით და დეტალური განმარტებებით ეხმაურება:

ეს ინიციატივაც, ისევე როგორც ბევრი სხვა ცვლილება, საბოლოოდ არაფრის მომტანი და უაზრო იქნება, რადგან საქმეს კი არ ვაკეთებთ, არამედ ვქმნით ილუზიას, რომ საქმეს ვაკეთებთ.

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპული ადამიანების რაოდენობის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემასთან ბრძოლის მიდგომა ორმაგია: სახელმწიფო არა მხოლოდ ჯარიმებითა და სანქციებით ებრძვის სამართალდარღვევებს, არამედ სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით საზოგადოებას მუდმივად აწვდის ინფორმაციას და უყალიბებს ცნობიერებას, რომ მძღოლი პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ მგზავრებისა და ქვეითების უსაფრთხოებაზეც.

განუვითარებელ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთან, ამ პრობლემასთან ბრძოლის მთავარი და ხშირად ერთადერთი ინსტრუმენტი ჯარიმაა.

პირველ შემთხვევაში სახელმწიფოს თანამოაზრე მოქალაქეების უმრავლესობაა. მეორე შემთხვევაში კი — პირიქით.

მაგალითად, გერმანიაში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშვებულზე მაღალი სიჩქარით მოძრაობა მხოლოდ სამართალდარღვევა კი არ არის, რომლის გამოც მძღოლი ჯარიმდება. ეს საზოგადოებისთვისაც მიუღებელ ქცევად ითვლება. ასეთ შემთხვევაში სამართალდამრღვევს საზოგადოებისგან მხარდაჭერა და გამართლება არ აქვს.

რა ხდება ჩვენთან? რა ითვლება კარგ ტონად?

კარგ ტონად ითვლება ბასლაინზე დაუსჯელი მოძრაობა.

და როგორ ვაფასებთ ამას ჩვენ, დანარჩენი საზოგადოება, რომელსაც ასეთი „ფუფუნება“ არ გვაქვს?

ველოდებით შესაძლებლობას, რომ ჩვენც დავარღვიოთ წესი. იმიტომ, რომ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს: კანონი ყველასთვის თანაბრად არ მოქმედებს, სატრანსპორტო პოლიტიკა გაუაზრებელია და ასეთ პირობებში წესების დარღვევა არა მხოლოდ დასაშვები, არამედ სამართლიანიც კი ხდება.

ამ მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ გავა რამდენიმე თვე — შესაძლოა, ექვსიც — და საპატრულო პოლიციას მისი არსებობა დაავიწყდეს. ჩვენი მძღოლებიც თანდათან ისწავლიან, ტექნიკურად როგორ შეიძლება მისი გათიშვა ან გვერდის ავლა.

საბოლოოდ, რომელიმე მთავრობასთან დაახლოებული კომპანია ამ მოწყობილობიდან ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, ჩვენ კი, სამწუხაროდ, ისევ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვექნება.

მაშ, რა უნდა გაკეთდეს?

პირველ რიგში, გადახედეთ დღევანდელ არასწორ სატრანსპორტო პოლიტიკას — პოლიტიკას, რომელიც თავად უბიძგებს მძღოლებს წესების დარღვევისკენ — და გაასწორეთ ის.

ყველაფერი უნდა იყოს მორგებული შედეგზე და არა ჯარიმების რაოდენობაზე.

თუ მაინც არ აპირებთ შეცვლას და სწორად მიგაჩნიათ ის, რაც რეალურად არასწორია, მაშინ კეთილი ინებეთ და ჩინიანმაც და უჩინომაც, მწვანე საშვებით მოსარგებლეებმაც და რიგითმა მოქალაქეებმაც ერთნაირად დაიცვან წესები.

ნუ ივლით ბასლაინზე. ნუ გამოიყენებთ თანამდებობასა და სტატუსს იმისთვის, რომ სხვებისთვის დაწესებული წესები თქვენთვის არ მოქმედებდეს. დადექით რიგით მოქალაქეებთან ერთად საცობში და დაემორჩილეთ იმავე წესებს, რომელთა დაცვასაც სხვებისგან ითხოვთ.

თუ ნამდვილად გსურთ, რომ საზოგადოება წესრიგს მიაჩვიოთ, პირველ რიგში, თქვენ — დეპუტატები, კანონმდებლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები — მიეჩვიეთ წესრიგს.

საზოგადოების ქცევას მხოლოდ ჯარიმებით ვერ შეცვლით. საზოგადოება წესრიგს მაშინ მიიღებს, როდესაც დაინახავს, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს“, – წერს ალექსი ნონიაძე.