დღეს, 23 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩიეს.
დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ სატელიტის, „ხალხის ძალის“ წევრია და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ფორმალურად საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით აირჩიეს.
რაც შეეხება გია მურღულიას, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრი იყო „ქართული ოცნების“ კვოტით და ხელმეორედაც მმართველი პარტიის კვოტით აირჩიეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 3 ვაკანტური ადგილი იყო, რომელთაგან 2 ოპოზიციის კვოტით უნდა არჩეულიყო. თუმცა მესამე წევრის არჩევა დღეს ვერ მოხერხდა.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, სამეურვეო საბჭოს წევრის ასარჩევად 76 ხმა არის საჭირო. ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, ოპოზიციის კვოტით კიდევ ერთი წევრი ვერ აირჩიეს. გახარიას პარტიის წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: თეა გეგენავა, ელისო გაბადაძე და თეიმურაზ კეკელიძე.
თუმცა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დარჩენილი 1 ვაკანტური ადგილი, რომელიც ოპოზიციის კვოტით უნდა იყოს, ახალი წესით აირჩევა.
ახალი წესის თანახმად, საპარლამენტო ფრაქციებს შეეძლებათ, რომ კანდიდატი პლენარულ სხდომაზე პირდაპირ დაასახელონ. ოპოზიციის დასახელებული კანდიდატის არჩევისთვის პირველივე ჯერზე საკმარისი იქნება 50 ხმა, ხოლო სხვა სუბიექტების მიერ დასახელებული კანდიდატების ასარჩევად – 76 ხმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, რომელთაგან სამს: ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ვადა ეწურება. ზაზა აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით აირჩიეს, გია მურღულია კი – „ქართული ოცნების“ უმრავლესობის.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·