კითხვის დრო: 2 წთ.
ტაო-კლარჯეთიდან საინტერესო სიახლეს ისტორიკოსი ბუბა კუდავა გვიზიარებს:
“ძალზე საინტერესო სიახლე ტაო-კლარჯეთიდან.
წლების წინ, დოლისყანის ტიმპანზე, ნალესობის ჩამოცვენის შედეგად, მანამდე უცნობი წარწერის კვალი გამოჩნდა. ახალი ეპიგრაფიკული ნიმუშის შესახებ სტატიაც გამოვაქვეყნე და ვივარაუდე, რომ „დავწერე ვინ დო[..]“ – ამ ადგილას სიტყვა „დოლისყანა“ უნდა გვეგულისხმა.
ახლახან ბათქაშის დამატებით ჩამოცვენის გამო კიდევ რამდენიმე ასო გამოჩნდა და ვარაუდი გამართლდა!
დიახ, ტიმპანზე ტაძრის სახელმა გამოანათა! ოღონდ ერთი მცირე განსხვავებით: წარწერაში „დოლისყანის“ ნაცვლად „დოლიყანა“ ფორმა გვხვდება.
დოლიყანა. რა ლამაზია.
წარწერა აშკარად ეკლესიის / მონასტრის აგება-დაარსების თანადროულია, შესაბამისად, ეს მისი სახელწოდების მოხსენიების უძველესი ფორმა გამოდის.
შესაძლოა გვეფიქრა, რომ თავდაპირველად „დოლიყანა“ ერქვა და „ს“ შემდგომ ჩნდება, მაგრამ ალბათ არა. ვფიქრობ, ორივე ვარიანტი პარალელურად გამოიყენებოდა, რადგან „დოლისყანა“ მალევე გვხვდება, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“.
ნათია ხიზანიშვილმა დამიდასტურა, რომ შემდეგაც, აქამდე ცნობილ ყველა წყაროში, „დოლისყანა“ ფორმა გვაქვს.
ტიმპანის წარწერის ფრაგმენტი თურმე ასე გრძელდება: „დავწერე ვინ დოლიყანასთ[..]“. ალბათ „დოლიყანასთ[ჳს]“.
ეს პატარა სიახლე ერთად აღმოვაჩინეთ მოგზაურის ჯგუფის წევრებმა და ისე გავიხარეთ ამ „დოლიყანით“, რომ მთელი ექსკურსიის მანძილზე სულ პირზე გვეკერა.
დოლიყანა.”
გართობა artinfo.ge