უწყებაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ თავმჯდოამრე აირჩეოდა დახურულ სხდომაზე, დახურული კენჭისყრით - შესაბამისად, უცნობია, რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი.
9-წევრიან სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს - უზენაესი სასამართლო, სამს კი პარლამენტი. თავმჯდოამრე აირჩევა 5 წლის ვადით, თუმცა მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა 10 წელია.
როგორ მოხვდა რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოში?
ნადარაიამ საკონსტიტუციოს მოსამართლე 8 აპრილიდანაა.
- ის 9 წევრიან პლენუმში უზენაესი სასამართლოს კვოტით მოხვდა, როცა უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით 5 წლით ადრე, 28 მარტს მოსამართლეობაზე უარი თქვა შოთა კიკილაშვილმა;
- ზუსტად ორ დღეში, 30 მარტს მოქმედ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავსა 10-წლიანი ვადა ამოეწურა.
ტურავას შემცვლელის ასარჩევად პარლამენტს სრული შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა სჭირდებოდა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, კიკილაშვილის შემცვლელი ნადარაია კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა შეარჩიეს.
რევაზ ნადარაიას კარიერა
ნადარაიამ სამოსამართლეო კარიერა დაიწყო წინა ხელისუფლების („ნაციონალური მოძრაობის“) დროს. 2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამარლე, თუმცა მივლინებით მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოში გააგრძელა მან მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში.
- 2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
- 2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;
- 2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
- 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე;
- 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
- 2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
- 2019 წლის ოქტომბრიდან იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.
- 2021 წლის ივლისიდან 2025 წლის მარტამდე - უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე.