საკონსტიტუციოს მოსამართლემ ვადაზე 5 წლით ადრე დატოვა პოსტი - ვადა ეწურება თავმჯდომარესაც

4 days ago 7

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა პოსტი დატოვა. ამასთან, 30 მარტს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას.

მოსამართლე კიკილაშვილს, რომელიც 2020 წელს დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კიდევ ხუთი წელი ჰქონდა დარჩენილი.

ინფორმაცია მისი გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად გაავრცელა ტელეკომპანია „პირველმა“, რომელსაც კიკილაშვილი ამ ინფორმაციას უდასტურებს.

კიკილაშვილი აცხადებს, რომ „საკუთარი სურვილით“ დატოვა პოსტი, მიზეზთან დაკავშირებით კი ამბობს: „კანონი არ მავალდებულებს მიზეზის ახსნას“.

მისი თქმითვე, ერთი კვირაა, რაც წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

ხვიჩა კიკილაშვილის შვილი, გოგა კიკილაშვილი, 2023 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია. წინა დღეს კი ხვიჩა კიკილაშვილმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევად ცნობას.

2025 წლის 30 მარტს, - ზუსტად 10 წლის თავზე მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს, ამჟამად თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფიცი დადო, - ტურავას უფლებამოსილების ვადა ეწურება.

ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 30 მარტიდან ვაკანტური ხდება.

რას ნიშნავს ეს

მერაბ ტურავა სასამართლოში პარლამენტის კვოტით იყო არჩეული, ხვიჩა კიკილაშვილი კი - უზენაესი სასამართლოს კვოტით.

  • საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 9 მოსამართლე აკომპლექტებს. გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება;
  • მერაბ ტურავას შემცვლელის ასარჩევად პარლამენტს სრული შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა სჭირდება;
  • „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტში საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს მისი შემცვლელის წარსადგენად;
  • თუმცა როგორც 8-წევრიანი, ასევე 7-წევრიანი პლენუმი შეძლებს საქმეების განხილვის გაგრძელებას.
  • რაც ხვიჩა კიკილაშვილის შემცვლელის ნომინირებას, - ეს კვლავ უზენაეს სასამართლოს შეუძლია.

სასამართლოს დანარჩენი 7 წევრია:

  1. მანანა კობახიძე
  2. ევა გოცირიძე
  3. ირინე იმერლიშვილი
  4. გიორგი თევდორაშვილი
  5. ვასილ როინიშვილი
  6. გიორგი კვერენჩხილაძე
  7. თეიმურაზ ტუღუში.

მათგან ორი - თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე - შეეწინააღმდეგნენ დანარჩენი შვიდის პოზიციას მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელზე, რომლითაც მოსარჩელეები 2024 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ და რაც პლენუმმა დაუშვებლად ცნო.

საკონსტიტუციოს სასამართლოს ცხრაწევრიანი პლენუმის შვიდმა მოსამართლემ 29 ნოემბერს დაუშვებლად ცნო სარჩელები. გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და განსხვავებული აზრი დაწერეს მოსამართლეებმა თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.

„ახალი თავმჯდომარე“

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს 5 წლის ვადით.

ჯერ უცნობია, ვინ იქნება ტურავას შემცვლელი, ან ვის ნომინირებას მოახდენს უზენაესი სასამართლო.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის, „გნომონ ვაიზის“ წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ „თავმჯდომარე გახდება ის, ვისაც [სასამართლო] კლანი დანიშნავს ვაკანტურ ადგილზე“.

„ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ სადავო პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისიის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა.

სრულად წაკითხვა