მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი იმ საკრალურ შანსზე საუბრობს, რომელიც მისთვის ცხოვრებაში უმთავრესია:
“ეს დღეები ძალაუნებურად მეფიქრება იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩემთვის თეატრი.
ვიხსენებ უამრავ სპექტაკლს, წიგნს და ჩემთვის სამაგალითო რეჟისორს, დრამატურგს, მსახიობს, რომელმაც გავლენა მოახდინა, შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და მაინც რაღაცნაირად ვერავის და ვერაფერს ვერ ვუსადაგებ იმას, რაც ახლა ასე მაფორიაქებს:
როდესაც ბუკვალურად ქუჩაში გამოსულ თეატრს ვუყურებ, პარტერის და სცენის შორის გავლებული ზღვარის გაქრობას, მათ გაერთიანებას, თეატრს, როგორც საზოგადოების, მაყურებლის პროტესტის ერთგვარ მეხამრიდს და მის პირისპირ, ტყუილსა და შიშს ამოფარებულ, ფარისეველ და მჩაგვრელ, მოძალადე სისტემას, რომელიც დასცინის მას და ამავდროულად უკიდეგანოდ ეშინია ზუსტადაც მისი, ვისაც დასცინის და იჭერს.
ვფიქრობ რატომ შემიყვარდა თეატრი თავის დროზე, რატომ “შემესია” ოდესღაც ეს სენი, რომელსაც თეატრი ქვია და მივდივარ იმ დასკვმანდე, რომ არაფერს არ აქვს ის ძალა ჩემთვის, როგორც კოლექტიურ სიჩუმეს და სიბნელეს, რომელიც თეატრში ისადგურებს ხოლმე…
თეატრის ყველაზე დიდი ძალა ჩემთვის ამ 2 მომენტში იკვეთება: სანამ სცენა განათდება ან სპექტაკლის დამთავრებისთანავე, ტაშის დაკვრამდე იმ რამოდენიმე წამში, როდესაც სუნთქვაშეკრული 100 თუ 1000 ადამიანი ერთიანდება ნანახის შთაბეჭდილებით და ემოციით გაერთიანებული…
ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველაზე ალალი მდგომარეობაა, სადაც კოლექტივს შეუძლია ერთად ისუნთქოს, ერთ ორგანიზმად იქცეს. ( იქამდე ყველა თავისი ყოფიდან შემოდის თეატრში და თავისი საზრუნავით ჯდება პარტერში და დასრულებისთანავე იშლება: აზრთა სხვაობით თუ იგივე ყოფაში დაბრუნების საჭიროებით.)
ეს ერთადერთი კოლექტიური მდგომარეობაა, რომელიც მე, ინდივიდუალიზმის დიდ მოტრფიალეს მიყვარს, სადაც მზად ვარ დავთმო ჩემი “მე” და გავხდე რაღაც უფრო დიდის ნაწილი.
ეს წამები აერთიანებდა თეატრს ანტიკურ საბერძნეთშიც, “მომთაბარე” თეატრსაც, შექსპირის ან მოლიერის ეპოქაშიც, კომედია დელ არტეს ჟამსაც, ბრეხტის, სტანისლავსკის თუ თანამედროვე ეპოქის თეატრსაც…
ეს გარინდული სიჩუმე (და სიბნელე) კიდევ ერთი მიზეზით მიყვარს და მესაკრალურება: იმ დასაწყისში უკვე არსებობს დასასრული, იმ დასასრულში უკვე იბადება დასაწყისი. სადაც ბნელდება: იქ უმალვე ნათდება. სადაც ნათებაა: იქ მალე სიბნელეც არ დააყოვნებს.
ამ გარიდნულ მოლოდინში დევს ძალიან დიდი სევდაც და იმედიც. ის დიდი მისტიკის და ასევე სისადავის მატარებელია. (რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს ზოგადად ხელოვნებაში…)
იმიტომ, რომ ის ძალიან ადამიანურია: ჩვენ ხომ ყველა ყოველთვის ან მოლოდინით ვარსებობთ ან წარსულს მივტირით. აქ და ახლა ყოფნა ყველაზე დიდი გამოწვევაა ადამიანის მოდგმისთვის, ხოლო ჩვენს ეპოქაში ლამის უტოპიურიც კი გახდა… მაგრამ იმ სიბნელეში, იმ სიჩუმეში: ჩვენ სხვა არაფერი გვაქვს იმ წამების გარდა, რომლებსაც ვუზიარებთ ჩვენს გვერზე მჯდომებს, სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებიც მე პირადად იმ მომენტში ძალიან ახლობლები მგონია და მათ სუნსაც კი ვგრძნობ და ვეჩვევი ხოლმე…
ჩვენ ამ წამების ამარა ვართ: აწმყოსი. იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ, ადამიანებს სხვა არც არაფერი გვაბადია: მიუხედავად ჩვენი დაუსრულებელი ილუზიებისა კონტროლზე, მართვაზე, გეგმებზე, განვითარებასაა თუ რეგრესზე, წარსულსა თუ მომავალზე… ჩვენ მაინც ვერაფერს ვფლობთ ამ წამების გარდა. და როდესაც ჩვენ გვეძლევა ეს საკრალური შანსი: შევიცნოთ და შევიგრძნოთ ეს და მეტიც, ისინი გავუზიაროთ, შემთხვევით ჩვენთან გადაკვეთილ ადამიანებს: ეს ძალიან დიდი მონაპოვარი მგონია!
თეატრის ქუჩაში გამოსვლით, წარმოდგენის ბარიკადებზე გადანაცვლებით ეს “შანსიც” იზრდება, ის ბევრად კოლექტიური ხდება და თეატრით არ დაინტერესებულ ადამიანებსაც ეძლევათ შესაძლებლობა ეს “წამი” გაიზიარონ. და როდესაც ეს ხდება: ჩვენ გვეძლევა კიდევ უფრო და მნიშვნელოვანი შანსი შევიცნოთ კიდევ ერთი, უფრო დიდი ჭეშმარიტება: რომ ჩვენ ამ წამებიდან უნდა გამოვძერწოთ ყველაფერი, რაც გვინდა იყოს, გვქონდეს, გავიზიაროთ, გავცეთ, მივიღოთ.
გამოვძერწოთ ჩვენი თავები და ქვეყანაც, რომელშიც გვინდა ცხოვრება! მხოლოდ აქ და ახლა, ამ წამებში გვაქვს ამის შანსი და ის აღარ გვაქვს “გუშინ” და არ ვიცით გვექნება თუ არა “ხვალ.” იმიტომ, რომ მალე ეს ხვალაც “გუშინ” გახდება და წაგვიყოლებს თან, როგორც მდინარე – ნაფოტებს… მაგრამ ეს ქვეყანა იქნება და დარჩება, როგორც იქნება და დარჩება თეატრი. და ამის გაცნობიერების შანსი, რომელიც ამ გარინდულ სიბნელეს და სიჩუმეს ახლავს თან, თეატრის ყველაზე დიდი საჩუქარი მგონია, რომელიც მან შეიძლება გაგვიკეთოს. (პერსონაჟთან, ამბავთან, ფორმასთან იდენტიფიკაციის მეშვეობით თანაგრძნობის გაღვივების მიღმა.)
და მე გული შემტკივა, რომ აქ და ახლა ვერ ვარ იმ თეატრში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელიც ახლა საქართველოში იბადება, ფეხს იდგამს, ყველა ქუჩას და ყველა მოედანს სცენად და პარტერად აქცევს! იმ უცხო ადამიანების გვერდში, რომლებიც რაღაც დროის მონაკვეთში ყველაზე ახლობლები ხდებიან. იმ ყველაზე ხმამაღალ სიჩუმეში და ყველაზე კაშკაშა სიბნელეში, რომელიც ფარდას ხდის ყველა ტყუილს, რომელიც იმარჯვებს მკვდარ “კერპებზე,” რომელიც შობს “გარდაუვალ” ახალს და ამით და ამგვარად ემსახურება სიცოცხლის კანონზომიერებას!”