სამარცხვინო ბრალდება პეტრე ოცხელს

3 days ago 4

დღეს ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ გენიალურ ქართველ მხატვარს პეტრე ოცხელს კონტრრევოლიციურ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას აბრალებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, მისი დაკითხვის ოქმში წერია, რომ “მხილებულია მოწმეთა ჩვენებებით.”

ნიკო თავაძე, მსახიობი:

“პეტრე ოცხელი დაიბადა ქუთაისში 1907 წლის 25 სექტემბერს (ახ.ს. 8 ოქტომბერს). 1913-1920 წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც მამამისი კომერციულ საქმიანობას ეწეოდა. 1920 წელს ოჯახი ქუთაისში დაბრუნდა და პეტრემ სწავლა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გააგრძელა. ხატვის შესწავლას სკოლასთან არსებულ სტუდიაში განაგრძობდა. 1926-27 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1927 წელს თბილისი მუშათა თეატრში გააფორმა ა. ლუნაჩარსკის “ცეცხლის გამჩაღებლები”. ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, კოტე მარჯანიშვილმა მას ქუთაის-ბათომის თეატრში მუშაობა შესთავაზა. დიდი რეჟისორის ხელმძღვანელობით ახალგაზრდა მხატვარმა ამ თეატრში გააფორმა სპექტაკლები: კ. კალაძის `კაკალ გულში”, კ. გუცკოვის `ურიელ აკოსტა”, გ. ბუხნიკაშვილის `კი, მაგრამ”, კ. კალაძის `ხატიჯე”, პ. შელის `ბეატრიჩე ჩენჩი”, ხოლო მარჯანიშვილის თეატრში: ნ. პოგოდინის `პოემა ფოლადზე”, ვ. კირშონის `პური”, უ. შექსპირის `ოტელო”, ფ. შილერის `ყაჩაღები” (განუხორციელებელი), გ. ბააზოვის `მუნჯები ალაპარაკდნენ”, ე. რაისის `ჩვენ-ხალხი”, ი, ვაკელის `აპრაკუნე ჭიმჭიმელი”, შ. დადიანის `ჩატეხილი ხიდი” (ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით), მოსკოვის კორშის თეატრში კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული ჰ. იბსენის `მშენებელი სოლნესი”. აგრეთვე შეასრულა ესკიზები კინორეჟისორ ლეო ესაკიას ფილმისთვის `მფრინავი მღებავი”.

1937 წლის 8 აგვისტოს პეტრე ოცხელი, გიორგი ჟორდანია და ვახტანგ აბაშიძე აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს. სამივე მათგანის პირველი დაკითხვა 11 აგვისტოს შედგა. ოპერრწმუნებულმა ჩუგუნოვმა მათ ერთი კითხვით მიმართა: “თქვენ დაგაპატიმრეს, როგორც კონტრრევოლიციურ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. აღიარებთ თუ არა დანაშაულს?” პასუხიც ერთნიშნა იყო: `არა, ჩვენ ამაში თავს დამნაშავედ არ ვცნობთ.”

პეტრე ოცხელის დაკითხვის ოქმი 1937 წ. 27 ნოემბერი.

კითხვა: თქვენ წარგედგინათ ბრალდება, რომ თქვენ იყავით კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. მოგვეცით ჩვენება ამ საკითხთან დაკავშირებით.

პასუხი: კონტტრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვიმყოფებოდი.

კითხვა: კონტტრევოლუციურ ორგანიზაციაში თქვენი მონაწილეობა მხილებულია მოწმეთა ჩვენებებით. მოგვეცით ჩვენება თქვენი კონტტრევოლუციური მუშაობის შესახებ.

პასუხი: კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ და კონტრრევოლუციურ მუშაობას არ ვეწეოდი.

კითხვა: მოგვიყევით თქვენი კავშირის შესახებ სერგო ამაღლობელთან.

პასუხი: სერგო ამაღლობელი გავიცანი 1930 წელს მარჯანიშვილის თეატრში მოსკოვში გასტროლების დროს. ნაცნობობის პერიოდში სულ სამჯერ შევხვდი მის ბინაში. ერთხელ – 1936 წელს, და ორჯერ – 1937 წელს.

კითხვა: ამაღლობელთან რა პოლიტიკურ თემებზე გქონდათ საუბარი.

პასუხი: ამაღლობელთან პოლიტიკურ თემებზე საუბარი არასდროს მქონია, თეატრალური წარმოდგენებისა და მისი პიესებისგარდა, რომლებსაც ის გვიკითხავდა.

კითხვა: მოგვეცით ჩვენება თქვენი კავშირის შესახებ გიორგი ყურულოვთან.

პასუხი: ყურულოვს ვიცნობ ჯერ კიდევ 1928 წლიდან. ის გავიცანი ოპერის თეატრში მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისის თეატრის გასტროლების დროს.

კითხვა: მოგვეცით ჩვენება გიორგი ყურულოვთან თქვენი შეხვედრების შესახებ.

პასუხი: ყურულოვთან შეხვედერებისას ვაცხადებ შემდეგს: რამდენჯერმე პირადად ვიყავი მის ბინაში გამართულ საღამოებზე. 1937 წელს შევხვდი ამაღლობელის ბინაში, მოსკოვში, ხანდახან ვხვდებოდი მარჯანიშვილის თეატრშიც.

კითხვა: როგორი საუბრები გქონდათ ყურულოვთან პოლიტიკურ თემებზე.

პასუხი: ყურულოვთან პოლიტიკურ თემებზე საუბრები არ მქონია.

კითხვა: გამოძიებას მოახსენეთ თქვენი კავშირის შესახებ გიორგი ჟორდანიასთან და ვახტანგ აბაშიძესთან.

პასუხი: ჟორდანია გავიცანი 1936 წელს ზემეტჩინოში, როდესაც ჩავედი, იქ უკვე მუშაობდა აბაშიძე, რომელსაც 1928 წლამდე, მარჯანოვის თეატრში მუშაობამდე, ვიცნობდი. აბაშიძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. აბაშიძემ სამუშაოდ მიმიწვია ზემეტჩინოში.

კითხვა: მოგვიყევით მოსკოვში უცხოელებთან თქვენი კავშირის შესახებ.

პასუხი: უცხოელებთან არავითარი კავშირი არ მქონია.

კითხვა: გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თქვენ დაკავშირებული იყავით ერთ საზღვარგარეთულ წარმომადგენლობასთან. მოგვეცით ჩვენება ამ კავშირის შესახებ.

პასუხი: საზღვარგარეთული წარმომადგენლობების თანამშრომლებთან არავითარი კავშირი არ მქონია.

კითხვა: 1931 წლის შემდეგ დააასახელეთ მოსკოვში თქვენი ჩამოსვლის წელი და თვე და რამდენ ხანს ცხოვრობდით.

პასუხი: 1931 წლის შემდეგ მოსკოვში ჩამოვედი 1934 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში და ერთი თვე დავყავი, ე.ი. 1935 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე.

კითხვა: მაშინ სად და ვისთან ცხოვრობდით.

პასუხი: ვცხოვრობდი ჩემს ძმასთან, ლეონ გრიგორის ძესთან, ზაცეპკინის შესახვევის #5/11 სახლში, ბინა 6-ში. ჩემი ძმა ლეონი იმ დროს მუშაობდა მოსპოლიგრაფტრესტში ელექტროტექნიკოსად.

კითხვა: ძმასთან ცხოვრებისას ჩაწერილი თუ იყავით.

პასუხი: ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, მგონია, ჩაწერილი ვიყავი.

კითხვა: თბილისიდან მოსკოვში ვისთან ერთად გამოემგზავრეთ.

პასუხი: გამგზავრების დღეს გავიგე, რომ მოსკოვში მოდიოდა მარჯანოვის თეატრის მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. ჩვენ სხვადასახვა ვაგონში ვიყავით, მაგრამ გზაში ერთ კუპეში მოვეწყვეთ.მოსკოვში ის თავის დასთან გაჩერდა.

კითხვა: მოსკოვში შეხვდით თუ არა ვერიკო ანჯაფარიძეს. მოგვეცით ზუსტი ჩვენება მასთან ერთად სად იყავით.

პასუხი: სამი-ოთხჯერ ვიყავი მისი დის ბინაში, ლიასნიცკის ქუჩაზე.ერთხელ თეატრში ვიყავი და ამის შემდეგ არსად არ ვყოფილვარ.

კითხვა: ანჯაფარიძესთან ერთად იყავით თუ არა მისული რომელიღაც სასტუმროში.

პასუხი: ეს არ მახსოვს.

კითხვა: 1934 წლის დეკემბერში თქვენ იყავით სატუმრო `მეტროპოლში”. მოგვეცით ჩვენება იქ ვის შეხვდით.

პასუხი: ახლა მაგონდება, რომ ვახლდი ვერიკო ანჯაფარიძეს სასტუმრო `მეტროპოლში” და ვიყავი საქართველოს გოფილექტის დირექტორის ტარუმოვის ნომერში, ოთახში 15 წუთი დავყავით და ერთად გამოვედით. სად დავშორდით ერთმანეთს ვერ ვიხსენებ.

კითხვა: გამოძიებას აქვს მონაცემები, რომ თქვენ პირადად მიხვედით სასტუმრო `მეტროპოლში”. მოგვეცით ჩვენება იქ ვის შეხვდით.

პასუხი: ტარუმოვის ნომრის გარდა არავისთან არ ვყოფილვარ. ერთხელ ვივახშმე კინორეჟისორ ჭიაურელთან სასტუმრო “მეტროპოლის” რესტორანში, სადაც ორნი ვიყავით და წასვლისას ჩემს ძმა ლეონსა და მის მეგობარს შევხვდით, რომლის გვარიც არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ იგი ლეონის თანაკურსელი და თანამშრომელია.

წავიკითხე. ჩაწერილია ჩემი სიტყვებით. სწორია: ოცხელი. დაკითხეს: მე – 3 განყოფილების უფროსის მოადგილემ: ოსიპოვმა მე-2 განყოფილების რწმუნებულის თანაშემწემ. სახელმწიფო უშიშროების სერჟანტმა: ატაშიანმა.
საბრალდებო დასკვნა საქმისა #13085 `ვამტკიცებ” 1. გიორგი თედოს ძე ჟორდანიაზე საქ. სსრ შინაგან საქმეთა 2. ვახტანგ იოსების ძე აბაშიზე სახალხო კომისარი, 3. პეტრე გრიგოლის ძე ოცხელზე სახელმწიფო უშიშროების გათვალისწინებული საქ. სსრ მე-2 რანგის კომისარი სისხლის სამართლისკოდექსის 58/10, 58/11 მუხლებით (გოგლიძე) 1 დეკემბერი 1937 წ.

ოცხელი პეტრე გრიგოლის ძე, დაბ. 1907 წ. ქართველი. ყოფილ ვაჭართა წრიდან. დაპატიმრებამდე თეატრალური მუშაკი. სსრკ შინსახკომის მონაცემებით ოცხელს კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთის ერთ საელჩოსთან, რომელიც საბჭოთა კავშირში დაზვერვით კონტრრევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. ბრალად ედება, რომ შედიოდა საქართველოს ნაციონალური ცენტრისა და მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორის, სერგო ამაღლობელის დავალებით შექმნილ კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციაში. დადანაშაულებულია საქ. სისხლის სამართლის კოდექსის 58/10, 58/11 მუხლებით. თავი დამნაშავედ არ სცნო. მხილებულია მოწმეთა ჩვენებებით.

მომხსენებელი ატაშიანი. დაადგინეს: ჟორდანია გიორგი თედოს ძე, დაბ. 1885 წ. დაიხვრიტოს. პირადი ქონება კონფისკირებულ იქნეს. აბაშიძე ვახტანგ იოსების ძე, დაბ. 1897 წ.დაიხვრიტოს. პირადი ქონება კონფისკირებულ იქნეს. ოცხელი პეტრე გრიგოლის ძე, დაბ. 1907 წ. დაიხვრიტოს. პირადი ქონება კონფისკირებულ იქნეს.”

სრულად წაკითხვა