პროკურატურის განცხადებით, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმეს.
ბრალდებული მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 64 068 ლარი, 105 100 აშშ დოლარი და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
„თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 – 2026 წლებში, ბრალდებული წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით ჯამში 15400 ლარი მიიღო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ყალბი სამედიცინო ისტორიის გამოგონებით, ავადმყოფობის სიმულაციით და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ დამზადებული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მათი ოჯახის წევრებისგან ჯამში 26900 ლარი მიიღო“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ამბობს, რომ დაკავებულს ბრალდება აღნიშნულ ეტაპზე 6 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მათივე ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა დამატებით 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი და დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა:
- სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)
- 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამონაწილეობა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება)
- 25-356-ე მუხლის პირველი ნაწილით (წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება, ავადმყოფობის სიმულაციით და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით)
- 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა)
დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

5 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·