OC Media-ს ცნობით, სამხრეთ აფრიკაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პირზე, რომელიც 5 ბაობაბის ხის საქართველოში ექსპორტს გეგმავდა.
როგორც მედია წერს, ხეები ქალაქ დურბანში, ერთ-ერთ საწყობშია განთავსებული. საწყობის მფლობელი OC Media-ს ეუბნება, რომ ხეები გაჩერებულია სანამ ხელისუფლება საქართველოში მათი დაგეგმილი ექსპორტის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს.
სტატიაში მოხმობილია სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ხეები საქართველოში უნდა გაეტანათ, თუმცა მათ ექსპორტზე გატანისთვის საჭირო ლიცენზია არ ჰქონდათ. ექსპორტის განმხორციელებლის ვინაობა არ გაჟღერებულა.
OC Media წერს, რომ DFFE-ს ინფორმაციით, 2026 წლის 27 ივლისს ექსპორტის განმახორციელებელმა უწყებას მიმართა ლიცენზიის მისაღებად, რომელიც 5 ხის ამოღებას, ფლობას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, ექსპორტსა და შეძენას მოიცავდა. თუმცა როგორც დეპარტამენტი განმარტავს, განაცხადი 2026 წლის 31 ივლისს უარყვეს, რადგან საკითხი სისხლის სამართლის გამოძიების საგანია.
განმცხადებელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომელიც განხილვაშია.
მედიის ცნობით, საწყობს, რომელშიც ხეებია განთავსებული კომპანია Africa Global Logistics-მა (AGL) ფლობს. კომპანია C Media-ს ეუბნება, რომ როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა „მარეგულირებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები“ ბაობაბების გადაზიდვა შეაჩერეს.
ფოტო: კევინ ოდიტი / Nation Media Group. 2022 წლის ნოემბერი.
2024 წელს ცნობილი გახდა, რომ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 2023 წლის ნოემბერში დარგული რვავე ბაობაბის ხე გახმა. პარკის ადმინისტრაციამ მომხდარი ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს დააბრალა.
რა ხდებოდა მანამდე
ბიძინა ივანიშვილმა ბაობაბები კენიიდან ჩამოიტანა. ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, მინიმუმ 8 ხე ადგილობრივმა ფერმერებმა თავიანთი კერძო მიწებიდან გაყიდეს ფასებში, რომლებიც $800-დან $2400-მდე მერყეობს. თუმცა კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ 2022 წლის ნოემბერში გააუქმა ლიცენზია, რომლის ძალითაც უცხოურ კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და საქართველოში წაეღო.
გადაწყვეტილება მოჰყვა ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნას სამინისტროსადმი, შეემოწმებინა კილიფის ოლქში ბაობაბის ხეების ამოთხრის პროცესი.
გარემოს დაცვის სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ ბაობაბის ხეები არ უნდა გასულიყო ექსპორტზე, სანამ მხარეებს შორის შეთანხმებები სათანადოდ არ დარეგულირდებოდა და ჰარმონიაში არ მოვიდოდა საერთაშორისო დოკუმენტებთან ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ.
კენიის პარლამენტის დეპუტატებმა გამოძიება დაიწყეს საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებენ ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში.
გარემოს დამცველები ბაობაბების საქართველოში ექსპორტს „ბიომეკობრეობას” უწოდებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ კენიის ტერიტორიიდან იმ ხეების გატანას, რომლებიც ბუნებრივ ჰაბიტატს ქმნის მრავალი მწერისთვის, რეპტილიისა თუ ფრინველისთვის.
2023 წლის თებერვალში კენიის მთავრობამ საბოლოოდ ნებართვა გასცა, განხორციელდეს ბაობაბის ხეების საკამათო ექსპორტი საქართველოში.
ბაობაბის ხე ასეულობით წელს ცოცხლობს და მკაცრ კლიმატურ პირობებსაც უძლებს. ევროპაში ბაობაბის ნაყოფის ექსპორტის დაწყების შემდეგ, ეს უკანასკნელი „სუპერსაკვებად” აღიარეს ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო.
იმისთვის, რომ ნაყოფი გამოისხას, ბაობაბს ორი ათწლეული სჭირდება. ამის გამო ზოგიერთი ფერმერი სწრაფ ეკონომიკურ სარგებელს არჩევს ხის გაყიდვისა და იქ სიმინდისა თუ სხვა მარცვლეულის დათესვის გზით.
netgazeti