სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა ჩრდილოეთ კორეას - კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას - შესთავაზა მშვიდობის მიღწევის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. მან ამის შესახებ განაცხადა შაბათს, 15 აგვისტოს, იაპონური კოლონიალიზმისგან კორეის გათავისუფლების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მოდით, შევწყვიტოთ ერთმანეთის მუქარა და დავიწყოთ მოლაპარაკებები, რათა დავასრულოთ ეს გაჭიანურებული ომი, რომლის უშუალო მხარეებსაც ჩვენ წარმოვადგენთ“, მოჰყავს მისი სიტყვები სააგენტო Yonhap-ი. „მოლაპარაკებების პროცესში ასევე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორ შევაკავოთ უფრო ეფექტიანად ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების ზრდა“.
ლიმ აღნიშნა, რომ დადგა დრო, „ცეცხლის შეწყვეტის არასტაბილური შეთანხმება“ მშვიდობის დამყარებით შეიცვალოს.
ლი ჯე მიონმა წამოაყენა „უსაფრთხოების მრავალშრიანი სისტემის“ შექმნის ინიციატივა, რომელიც კონფლიქტების ოპერატიულად ჩაქრობის საშუალებას მოგვცემს, და იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა შეძლებენ „პირისპირ დასხდნენ მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“.
ფხენიანის რეაქციის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა 1950 წლიდან ფორმალურად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. ორ კორეას შორის ომის ცხელი ფაზა 1953 წელს დასრულდა, თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მხარეები შემოიფარგლნენ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და ტერიტორიების გაყოფით 38-ე პარალელის გასწვრივ, სადაც დემილიტარიზებული ზონა მოეწყო.
radiotavisupleba ახალი ამბები