WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთის ჯერ მზად არ არის [საქართველოსთან] სატრანზიტო მიმოსვლისთვის“.

12 სექტემბერს კამბოლოვს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ცხინვალელებთან შეხვედრისას შეკითხვა დაუსვეს „საქართველოსთან საზღვრის გახსნისა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის დაშვების შესაძლებლობაზე“.

„პირდაპირ რომ გითხრათ: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის - არც ფსიქოლოგიურად და არც საჭირო სამართლებრივი ბაზის თვალსაზრისით“, - განაცხადა კამბოლოვმა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატია.

  • რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "საპრეზიდენტო არჩევნებისთვის" ემზადებიან, თუმცა 18 სექტემბრის კენჭისყრას ფორმალური ხასიათი ექნება.
  • დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან მოვლენილ მარატ კამბოლოვს ცხინვალში მხარს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს.

„ამ კუთხით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სანდო გარანტიებს მოითხოვს“, - დაწერა კამბოლოვმა და ახსენა „უსაფრთხოების საკითხი, რაც დაკავშირებულია ომთან და დანაკარგებთან“.

მან თქვა, რომ „ეკონომიკური სარგებელი არ შეიძლება ხალხის უსაფრთხოებაზე წინ დადგეს“.

მოსკოვსა და ცხინვალში დროდადრო ისმის ინიციატივები ცხინვალის გავლით „სატრანზიტო გზის გახსნის“ შესახებ. მაგალითად:

  • რუსეთის თავისუფალი სტილით ჭიდაობის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარტია „ალანიის პატრიოტების“ იდეურმა ლიდერმა, ძამბოლატ თედეევმა 2024 წელს განაცხადა, რომ გზის გახსნა რუსეთზეა დამოკიდებული, თუმცა ფიქრობს, რომ ამას დადებითი ეფექტი ექნებოდა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ბიუჯეტზე.
  • „დღეს, როცა სანქციებია ჩვენი უფროსი სტრატეგიული პარტნიორისადმი, აუცილებელია გზების გახსნა. ამას ამბობს რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი“, - განაცხადა მან.