საქართველოში რძის ნაწარმის ცნობილი მწარმოებელი კომპანიები „სანტე“ და „აგროჰაბი“ რადიო თავისუფლების გამოძიების შემდეგ „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან“ გამომდინარე საკუთარ პროდუქტის ხარისხზე განცხადებებს ავრცელებენ, თუმცა მასში არ არის განმარტებული ის საკითხი, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აღელვებს - რას ჭამენ ძროხები, რომლისგან მიღებული რძისგანაც პროდუქტს ამზადებენ.
სტატია 31 მარტს გამოქვეყნდა - ამ გამოძიებით ირკვეოდა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, მათ გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.
ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ მიზეზი ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკების აღმოჩენა იყო.
რადიო თავისუფლების გამოძიებამ რძის ნაწარმის მომხმარებლებში მღელვარება გამოიწვია ორი მიზეზის გამო. მათ აინტერესებდათ:
- რამდენად უსაფრთხო იყო რძის ნაწარმი, რომელსაც ისინი „სანტესგან“, „სოფლის ნობათისგან“, „აგროჰაბისგან“ და „რძის ლაბორიტორიისგან“ ყიდულობდნენ - შეიცავდა თუ არა პროდუქტი ანტიბიოტიკებს;
- ისევ იყენებდა თუ არა რძის მიმწოდებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“ ძროხების გამოსაკვებად ქათმის სკინტლს.
საქართველოს მთავრობის დადგენილება ნაკელის საკვებად გამოყენების აკრძალვის შესახებ 2023 წელს ამოქმედდა, ევროკავშირში კი დაახლოებით 20 წლის წინათ.
ოთხი კომპანიიდან მხოლოდ ორი („სანტე“ და „აგროჰაბი“) გამოეხმაურა მომხმარებელთა კრიტიკას, თუმცა გაჩენილ კითხვებს მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხეს:
- „სანტეში“ ამბობენ: „ნებისმიერი ნედლეული - რძე, რომელსაც „სანტე“ იღებს, შემოწმებულია ხარისხის უმაღლესი ევროპული სტანდარტით. თუ რძე ატარებს რაიმე ტიპის პოტენციურ რისკს ხარისხთან დაკავშირებით, არ მიიღება და არ ვიყენებთ წარმოებაში“.
- „აგროჰაბი“ ირწმუნება, რომ „სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს აგროჰაბის წარმოების „საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, რომელიც რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს“.
რადიო თავისუფლებამ ორივე ამ კომპანიის პრესსამსახურთან სცადა იმის გარკვევა, რაც მათ განცხადებაში არ წერია - რითი იკვებებიან ძროხები, რომელთაგან მიღებული რძით წარმოებულ პროდუქტსაც ყიდიან საკუთარი ბრენდის ქვეშ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.