სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულა“ გოგა ხაინდრავას შესახებ სიუჟეტის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა

1 week ago 44

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულა“ ტელერეჟისორ გოგა ხაინდრავას შესახებ სიუჟეტის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა. დავის საგანი ის რეპორტაჟია, რომელსაც მოსარჩელე მხარე „ცრუ დასმენად“ და „ცილისწამებად“ აფასებს.

მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა 14 ივლისს დაადგინა, რომ მაუწყებელმა „მორალური ზიანის მიყენების გამო“ ჯარიმა უნდა გადაიხადოს და უარყოს ეთერში გაკეთებული განცხადებები, რომლებმაც, სასამართლოს აზრით, ხაინდრავას „სახელი, პატივი და ღირსება“ შელახა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხაინდრავამ განაცხადა, რომ ჯარიმიდან მიღებული თანხა გამოყენებული იქნება ფონდის შესაქმნელად, რომელიც „მოქალაქეებს მედია ტერორისგან დაიცავს“.

„ფორმულას“ ადვოკატმა, ეთო ქათამაძემ, განაცხადა, რომ გადაწყვეტილებამ თავისუფალი და საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის „ძალიან საშიში პრეცედენტი“ შექმნა და დასძინა, რომ მაუწყებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, მათ შორის, შესაძლოა, საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს.

საქმე ეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ საგამოძიებო გადაცემაში „შაბათის ფორმულაში“ 2026 წლის იანვარში გასულ რეპორტაჟს. რეპორტაჟში ნათქვამი იყო, რომ ხაინდრავა ფულის სანაცვლოდ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაში ეხმარებოდა.

პროკურატურამ „ცრუ დასმენის“ ბრალდებებზე გამოძიება ივნისში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც „ფორმულას“ რამდენიმე ჟურნალისტი გამოკითხვაზე დაიბარეს.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) 1 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში გამოძიების შესახებ შეშფოთება გამოთქვა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მაუწყებლის წინააღმდეგ დაწყებული საქმე და პატივი სცეს ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობას.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა