ევროკავშირის სასამართლო ორგანომ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მალტამ უნდა შეწყვიტოს „ოქროს პასპორტის“ პროგრამა, რომელიც უცხოელებს აძლევს ერთი მილიონი ევროს ინვესტიციის შემთხვევაში მალტის მოქალაქეობის მიღების და შესაბამისად, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობას.
ევროკომისიამ მალტის ეს პროგრამა სასამართლოში 2022 წელს გაასაჩივრა.
სააგენტოები AP და Reuters-ი დღეს, 29 აპრილს წერენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თავად განსაზღვრავენ მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს, მაგრამ მალტის სქემა ხელყოფს ურთიერთნდობის პრინციპს.
ევროპული სასამართლოს თანახმად, წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია თავისი მოქალაქეობა და არსებითად, ევროკავშირის მოქალაქეობა გასცეს წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციის სანაცვლოდ, რადგან ეს მოქალაქეობის მიღების კომერციულ გარიგებად გადაქცევის ტოლფასია.
მალტის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი პროგრამა ევროკავშირის ხელშეკრულებებს არ ეწინააღმდეგება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ეს პროგრამა საერთოდ შეაჩერეს.
გამოცემა Financial Times-ის ცნობით, მიუხედავად ამისა, მალტის „ოქროს პასპორტის“ მიღების სქემით ისარგებლა რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ, რომელთა წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს. მათ შორის დასახელებული იყო სათბობ-ენერგეტიკული და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების მფლობელი ალბერტ ავდოლიანი.