სასამართლოსთან დაკავებული დემონსტრანტი 4000 ლარით დააჯარიმეს

5 hours ago 2

სასამართლოს ეზოში 21 აპრილს დაკავებული დემონსტრანტი გიორგი ჩხეიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება დღეს, 24 აპრილს მიიღო მოსამართლე დავით თეთრაულმა. ჩხეიძე კიდევ ერთი დემონსტრანტის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესის შემდეგ დააკავეს სასამართლოს ეზოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღევანდელ სხდომაზე არა ჯარიმას, არამედ პატიმრობას ითხოვდა.

სამინისტრო მას სამართალდამცველის შეურაცხყოფას ედავებოდა.

უწყება ამტკიცებდა, რომ ჩხეიძემ პოლიციელებს „მონა“ უწოდა, - რასაც ჩხეიძე უარყოფს.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთი პოლიციელი, რომელმაც ჩხეიძის ადვოკატის, მარიკა არევაძის შეფასებით, ცრუ ჩვენება მისცა.

„ადამიანმა მოიტყუა. ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ფაქტობრივ გარემოებებზე და ის ვიდეო კადრები, რაც შსს-ს აქვს წარმოდგენილი, სხვა რაღაცას აჩვენებს და ცდება მოწმის ჩვენებას“,- თქვა არევაძემ.

მოწმე პოლიციელის დაკითხვის შემდეგ შსს-მ პოლიციელი მიხეილ სუჯაშვილი გამოიძახა, - აღმოჩნდა, რომ პირადი მიზეზების გამო ის ვერ გამოცხადდა სხდომაზე.

სუჯაშვილი საბა სხვიტარიძის დამკავებელია და, ბრალდებულის თქმით, მასზე ფიზიკური ძალადობის თვითმხილველია.

საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2025 წლის 22 აპრილი

საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2025 წლის 22 აპრილი

საქმეში დევს ტვ პირველის ეთერიდან ვიდეო, სადაც არ ისმის, რაიმეს თუ ამბობს გიორგი ჩხეიძე, როდესაც პოლიციელები მოულოდნელად აკავებენ.

„ეს არის დასჯა, არასდროს ყოფილა გიორგი ჩხეიძე დაკავებული, არც სამართალდამრღვევი და შსს პირველივე ჯერზე დაკავებას ითხოვს? როცა არის დაკვეთა დაპატიმრების თავსაც არ იწუხებენ რომ საქმე ნორმალურად შეკერონ იმდენად დიდი გარანტია აქვთ”, - თქვა ჩხეიძის კიდევ ერთმა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

გიორგი ჩხეიძე სისხლის სამართლის წესით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმაა.

გიორგი ოკმელაშვილი სასამართლოში

გიორგი ოკმელაშვილი სასამართლოში

დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მცირე ხნით ადრე მოსამართლე დავით თეთრაულმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა ჟურნალისტი, გამოცემა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე.

როგორც მინდია გაბაძე წერს, გაძევების მიზეზი შემდეგი იყო: „შეკითხვა დავუსვი, თუ რატომ არ მაძლევდა პროცესის გადაღების უფლებას“.

სრულად წაკითხვა