შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და სადავო პარლამენტს წარუდგინა "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანა.
უწყების ცნობით ცვლილების საფუძველია "უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის" გაუმჯობესება და "საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების" დახვეწა.
შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით:
- სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
- იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;
- მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
- ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;
- ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
- მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
- ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს;
- შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.
უწყების თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა.
ბოლო თვეების ტენდენციით, საქართველოს საზღვრის კვეთისას პრობლემები ექმნებათ ევროპის ქვეყნებიდან ჩამომსვლელებს, განსაკუთრებით კი - უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს.
გარდა ევროპელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისა, საქართველოში შემოსვლაზე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქვთ პრობლემა ანტიპუტინისტ რუსეთის მოქალაქეებს, ბელარუსელ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზღვრის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყება, საჯაროდ არ აქვეყნებს სტატისტიკას, რამდენ ადამიანს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე და რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი, ვინც საზღვრიდან უკან გააბრუნეს.
საჯარო მხოლოდ საქართველოდან გაძევებულთა სტატისტიკაა - ამ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მარტში 97 უცხოელი გააძევეს.