საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის ზრდა გამოიწვია აშშ-ის გადაწყვეტილებამ, სამი თვით გადაავადოს მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წინააღმდეგ გაზრდილი ტარიფების ამოქმედება.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებების თხოვნით, ამიტომ 90-დღიან პაუზას აწესებს და ამ პერიოდში მინიმალური, 10%-იანი საბაზისო ტარიფი იმოქმედებს.
ამ გადაწყვეტილებამ ძირითადი ინდექსების ზრდა გამოიწვია ამერიკის და აზიის საფონდო ბირჟებზე, რომლებიც აპრილის დასაწყისიდან, ტრამპის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადების შემდეგ ვარდნას განიცდიდნენ.
9 აპრილს აშშ-ის ბირჟებზე ვაჭრობა 7-12%-იანი ზრდით დასრულდა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მატება 7,04% იყო. ინდექსი Nasdaq-ი, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების კომპანიების აქციათა მდგომარეობას ასახავს, 12,16%-ით გაიზარდა, სამრეწველო სექტორის ინდექსი Dow Jones - 7,87%-ით, ხოლო S&P 500 - 9,52%-ით.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი აღნიშნავს, S&P 500-ს მსგავსი ზრდა არ ჰქონია 2008 წლის ოქტომბრიდან, ხოლო Nasdaq-ს - 2001 წლის იანვრიდან.
დღეს, 10 აპრილს ვაჭრობა ზრდით დაიწყო აზიის საფონდო ბირჟებზეც. ტოკიოს ბირჟაზე 8,92%-ით გაიზარდა ინდექსი Nikkei, რომელიც იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის მერყეობას ასახავს. 5%-იანი მატება ჰქონდა სამხრეთ კორეის ინდექსს Kospi. 9,25%-ით მოიმატა ტაივანის საფონდო ინდექსმა Taiex-მა.
ვაჭრობა აქციების კურსის ზრდით დაიწყო ავსტრალიის საფონდო ბირჟაზეც, სადაც 4,6%-ით მომატა ინდექსმა ASX 200.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი ტარიფის მოქმედება არ შეუჩერა ჩინეთს და პირიქით, ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქციას გადასახადი 125%-მდე გაუზარდა, დღევანდელი ვაჭრობა 1,3%-იანი ზრდით დაიწყო შანხაის ბირჟაზეც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს სხვადასხვა საბაჟო ტარიფს უწესებს(10-დან 50%-მდე).
ტრამპი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვისა და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. ეკონომისტების შეფასებით, ტარიფების გაზრდა რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამერიკელებზეც.
აშშ-ის პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ დავა მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს, რადგან ტარიფების გაზრდა მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმაა და მძიმე შედეგები ექნება მილიონობით ადამიანისთვის. ამასთან, ევროპის და სხვა ქვეყნებმა საპასუხო ტარიფების შემოღება გადაწყვიტეს.
ტარიფების ამოქმედების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია ევროპის, აზიისა და თავად ამერიკის საფონდო ბირჟებზე.
9 აპრილს, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, პანიკა იმდენად გაძლიერდა, რომ ინვესტორებმა არა მხოლოდ აქციებზე, არამედ ამერიკულ ბონდებზე უარის თქმაც დაიწყეს. ტრადიციულად ბონდები მიიჩნევა ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებად.
BBC-ს მოჰყავს კომპანია Capital Economics-ის მთავარი ეკონომისტის, პოლ ეშვორტის შეფასება, რომ როცა ბირჟებზე აქციების გაყიდვა მიმდინარეობდა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრობლემას არ იმჩნევდა, მაგრამ როცა ბონდების ბაზარიც შესუსტდა, ტრამპის უკან დახევა მხოლოდ დროის საკითხი იყო.
თავად აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს ტარიფების ამოქმედების სამი თვით გადავადების გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავიდანვე ასეთი სტრატეგია ჰქონდა და მიზნად ისახავდა, რომ მსოფლიოს ქვეყნები მოლაპარაკებებს დასთანხმებოდნენ.