საფრანგეთში გაძარცვეს Lalique-ის მუზეუმი

1 hour ago 2

ფრანგული ძვირფასი მინის მწარმოებლის, Lalique-ის მუზეუმიდან 5 ივლისს დაუდგენელმა პირებმა მილიონობით ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს, განაცხადეს კომპანიამ და გამოძიების წყარომ.

გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ ქურდი ან ქურდები საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, Wingen-sur-Moder-ის მუზეუმში დაახლოებით დილის 5:30 საათზე შეაღწიეს და პირდაპირ სამკაულების ოთახისკენ გაემართნენ.

„მოიპარეს დაახლოებით ოცი სამკაული. ზარალის შეფასება
ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა მან, შესაძლოა, რამდენიმე მილიონი ევრო, სავარაუდოდ, ოთხ მილიონამდე, შეადგინოს“, - განაცხადა წყარომ.

მუზეუმის ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, ძარცვის გამო მუზეუმი რამდენიმე დღით დაიხურება.

„განგაში ჩაირთო, მაგრამ როდესაც დაცვის კომპანიამ შემოწმება დაასრულა, პირველი, ვინც ადგილზე მივიდა, იყო დამლაგებელი, რომელმაც პოლიცია გამოიძახა“, - დასძინა გამოძიების წყარომ.

ამჟამად, ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს.

მუზეუმი, რომელიც არტ ნუვოს - მოდერნის და არტ დეკოს სტილის იუველირსა და მინის მწარმოებელ რენე ლალიკს ეძღვნება, 2011 წელს კომპანიის საწარმოს მახლობლად გაიხსნა.

გასული წლის ოქტომბერში, პარიზში, ლუვრის მუზეუმიდან, დღისით, ძვირფასი ისტორიული სამკაულების წაღებამ საფრანგეთის მუზეუმებისა და გალერეების უსაფრთხოება ყურადღების ცენტრში მოაქცია.

ქურდებმა ლუვრიდან 102 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები რვა წუთზე ნაკლებ დროში გაიტაცეს.

Lalique S.A., რომლის სათავო ოფისი პარიზში მდებარეობს, ფრანგული ძვირადღირებული საქონლის კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სამკაულებს, სუნამოებსა და მინის ნივთებს. იგი 1888 წელს ფრანგმა მინაზე მხატვარმა რენე ლალიკმა დააარსა. კომპანია მსოფლიოში ცნობილი გახდა საიუველირო ნაკეთობებით, ბროლის სუნამოს ბოთლებითა და მინის ქანდაკებებით.

სრულად წაკითხვა