15 ივლისს „ატლანტიკურმა საბჭომ“ გამოაქვეყნა „თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსები“, რომელშიც მსოფლიოს 171 ქვეყანაში 2025 წელს არსებული მდგომარეობაა ასახული. ინდექსის გამოქვეყნების პარალელურად „ატლანტიკურმა საბჭომ“ გამართა დისკუსია, რომელზეც არაერთხელ აღინიშნა, რომ შემაშფოთებელია თავისუფლების გლობალური უკუსვლა და განსაკუთრებით საგანგაშოა კანონის უზენაესობის დაცვის გაუარესება. ითქვა აგრეთვე, რომ კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური თავისუფლების გარეშე გრძელვადიანი, სტაბილური კეთილდღეობა არ მიიღწევა.
ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ათეული:
- დანია
- ავსტრალია
- ესტონეთი
- ფინეთი
- გერმანია
- ირლანდია
- ლუქსემბურგი
- ნორვეგია
- შვედეთი
- შვეიცარია
ყველაზე არათავისუფალი ქვეყნების ათეული:
- ავღანეთი
- ერითრეა
- ირანი
- მიანმა
- სომალი
- სუდანი
- სირია
- თურქმენეთი
- ვენესუელა
- იემენი
ყველაზე მაღალი კეთილდღეობის მქონე ქვეყნები:
- ნორვეგია
- დანია
- ისლანდია
- ირლანდია
- შვედეთი
- შვეიცარია
- ბელგია
- ფინეთი
- სლოვენია
- ნიდერლანდი
კეთილდღეობის უდაბლესი მაჩვენებლის ქვეყნების ათეული:
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
- ჩადი
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- ჰაიტი
- მადაგასკარი
- მოზამბიკი
- ნიგერი
- სომალი
- სამხრეთ სუდანი
- სუდანი
„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა კოლინ ბაკლიმ ილაპარაკა ომის დასრულების შემდგომ უკრაინის აღდგენის პროცესის მიმართ ინვესტორების ინტერესის გამაპირობებელ ფაქტორებზე და აღნიშნა, რომ უკრაინაში რეფორმების მაღალი ტემპის მიუხედავად, კანონის უზენაესობის საბაზისო დონის მიღწევის გარეშე ქვეყანაში კერძო კაპიტალი არ შეედინება.
2005-2009 წლებში კოლინ ბაკლი საქართველოში უძღვებოდა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ოფისს. 15 ივლისის დისკუსიისას მან საქართველოს გამოცდილებაზეც ილაპარაკა:
„2005 წელს საქართველო იყო იმ თეორიის გამყარების ყველაზე ცნობილი კანდიდატი, რომ რეფორმებს შეუძლია მოიტანოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა. იმ პერიოდში საქართველო მუდმივად იკავებდა პირველ ადგილს „ბიზნესის კეთების“ რეიტინგებში და მართლაც, მათ ნახეს როგორც ეკონომიკის, ისე კეთილდღეობის ზრდა, თუმცა ეს არ იყო გრძელვადიანი.
ჩვენ მოწმენი გავხდით მთავრობის ცვლილების, რის შემდეგაც მოხდა რეფორმების მნიშვნელობის დამცრობა. მიზეზი კი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფოკუსირებული იყო ცაკეულ სავაჭრო თავისუფლებებსა და ინვესტორებისადმი მეგობრული კანონმდებლობის ასპექტებზე, მივიწყებული აღმოჩნდა ფართო პოლიტიკური თავისუფლება და შესაძლოა ეკონომიკური თავისუფლების ასპექტები, რომლებსაც უფრო მეტად საშინაო ეფექტი ჰქონდა. შედეგად, დღეს ვხედავთ, რომ საქართველო გამოვლენილია კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ ეს კეთილდღეობა ჩვენს 2005 წლის მოლოდინთან შედარებით, ბევრად დაბალი და ბევრად დაგვიანებულია“.
„თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსში“ ქვეყნები დაყოფილია 8 დიდ ჯგუფად: მაღალი დონის თავისუფლების, ზომიერი თავისუფლების, დაბალი დონის თავისუფლების, უდაბლესი დონის თავისუფლების, მაღალი დონის კეთილდღეობის, ზომიერი კეთილდღეობის, დაბალი დონის კეთილდღეობისა და უდაბლესი დონის კეთილდღეობის ქვეყნებად.
ჩინეთი (147-ე ადგილზე) და რუსეთი (154-ე ადგილზე) რჩებიან უდაბლესი დონის თავისუფლების მქონე ქვეყნებად. ჩინეთის კეთილდღეობის შეფასება არის "დაბალი", რუსეთისა - "საშუალო".
ახალ გამოკვლევაში ჩანს როგორც გლობალური სურათი, ისე დიდი და მცირე რეგიონებისა, აგრეთვე ცალკეულ ქვეყანაზე 1995 წლიდან 2025 წლის ჩათვლით არსებული დინამიკა. შეფასების სკალა 0-დან 100 ქულამდეა და მეტი ქულა უკეთეს მდგომარეობას ნიშნავს.
საქართველოს ახალი მაჩვენებლები
- საქართველო „ზომიერი თავისუფლებისა“ და „ზომიერი კეთილდღეობის“ ქვეყნებს შორის რჩება.
- თავისუფლების რეიტინგში საქართველო 66.6 ქულით იკავებს 73-ე ადგილს 171 ქვეყანას შორის. 1995 წლიდან დაწყებული, ყველაზე მაღალი შეფასება ამ კატეგორიაში საქართველოს 2018 წელს ჰქონდა - 76 ქულა.
- კეთილდღეობის რეიტინგში - 78.2 ქულით იკავებს 43-ე ადგილს 171 ქვეყანას შორის. კეთილდღეობის რეიტინგი საქართველოს, სხვადასხვა ტემპით, მუდმივად მზარდი აქვს.
- საქართველო შედის თავისუფლების გაუარესების დინამიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში. ამ ჯგუფში არიან: აშშ, ეკვადორი, სიერა ლეონე, ტანზანია, ნიგერი, მადაგასკარი, გვინეა-ბისაუ, ჰაიტი, ბურკინა ფასო.
- თავისუფლების გაუმჯობესების დინამიკის მქონე ქვეყნებია: სამხრეთ კორეა, მავრიკი, რუმინეთი, მონღოლეთი, შრი ლანკა, ბოლივია, გაბონი, ლიბანი, გვინეა, სირია.
- ყველაზე დაბალი ქულები საქართველოს აქვს „კანონის სიცხადის“ (43.6), „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის“ (53), „საკუთრების უფლების“ (54.1), „აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვის“ (57.7), „ბიუროკრატიისა და კორუფციის“ (57.9) და „უსაფრთხოების“ (58.9) პუნქტებში.
თავისუფლების ინდექსი შედგება სამი ქვეინდექსის საშუალო მაჩვენებლისგან:
- პოლიტიკური ქვეინდექსი (არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვები)
- ეკონომიკური ქვეინდექსი (ქალების ეკონომიკური თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, საკუთრების უფლება)
- იურიდიული ქვეინდექსი (მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, კანონის სიცხადე)
კეთილდღეობის ინდექსი ექვსი ინდიკატორის საშუალო მაჩვენებელია:
- შემოსავალი
- ჯანდაცვა
- შემოსავლების თანასწორობა
- გარემო
- შესაძლებლობები უმცირესობებისთვის
- განათლება

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·