4-5 მარტს ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი, რომელიც მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა.
დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
„საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, და ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
ქართული მხარის ცნობით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე საუბრის წინ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.
მოლაპარაკების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შარშანდელ განცხადებაზე - ოსებისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე 2008 წელს „ომის გაჩაღებისთვის“.
„რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის პირით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ შემარიგებელ განცხადებებზე. ხაზი გაესვა გამოცხადებული განზრახვების ხელახლა დადასტურების მნიშვნელობას ჟენევის დისკუსიების ეგიდით, ასევე მათ ტრანსფორმაციას კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებში, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ ვალდებულებებად შესაბამისი შეთანხმების სახით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი მიესალმნენ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ინიციატივას, დაუბრუნდნენ პოლიტიკური განცხადების განხილვას, როგორც პირველს ნაბიჯს, აღნიშნული შეთანხმების გაფორმებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ რადიკალური ქართული ოპოზიცია განიხილავს „გამოყოფილ“ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის ძალისმიერ სცენარებს, და მიუთითებს „თბილისსა და ნატოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისს დაიწყოს „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“ დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, ასევე ყურადღება გაამახვილა დისკუსიების „სხვა მონაწილისთვის მისაღებ ადგილზე“ გადატანის აუცილებლობაზე.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ყველა მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ინტერესი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგებში გალში მუშაობის განახლების მიმართ. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მისასალმებელია IPRM-ის მუშაობის განბლოკვის ნებისმიერი მცდელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოსური და აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მეორე სამუშაო ჯგუფში დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა მისაღებად არ გამოიყურება, სანამ ეს საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაში კენჭისყრიდან არ მოიხსნება“.
გარდა ამისა, სოხუმის ცნობით, „მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო გადაადგილების თავისუფლების საკითხს“. ე.წ. აფხაზური პასპორტებით.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.