საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო ხდება კრემლის მარიონეტი – იუკნევიჩიანე

1 week ago 13

„საქართველოს დებიძინიზაციის კანონები სჭირდება და არა რუსული უცხოური აგენტების კანონი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ.

მისი თქმით, ეს დაეხმარება ქვეყანას, რომ გაიწმინდოს კრემლის აგენტებისგან და არა სხვა „ცრუ აგენტებისგან“.

ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამიაც მონაწილეობდა.

როგორც რასა იუკნევიჩიანე ამბობს, ის მხარს უჭერს ქართველებს, რომლებიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ, რადგან რუსეთისკენ გზაა და არა ევროკავშირისკენ.

ევროპარლამენტარის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ და საზოგადოებამ, რომელთაც ევროკავშირისკენ ძალიან მკაფიო მისწრაფებები აქვთ ძალისხმევა უნდა გააერთიანონ.

„თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ მართლაც ეგზისტენციალური დროა რეგიონისთვის, ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ვერავინ იქნება ქართველებზე მეტად ქართველი“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

რასა იუკნევიჩიანე ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ დღეს საქართველო მზად არაა ევროკავშირში გასაწევრიანებლად და არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის.

ევროპარლამენტარის თქმით, ღარიბაშვილის ეს განცხადება შოკისმომგვრელია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო თვეებსა და კვირებში კრემლი გააქტიურდა საზღვართან ახლოს მყოფ ქვეყნებში. ვერ ვიტან ამის გამოყენებას, მაგრამ კრემლში ასე ფიქრობენ. ჩვენ ვხედავთ იგივე გზავნილებს არამხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. ეს არის შოკისმომგვრელი ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, ეს არაა ახალი ჩვენთვის, ვინც საქართველოში არსებულ სიტუაციას თვალს ადევნებს, მაგრამ ეს არის ახალი ღია გზავნილი საქართველოს მმართველი პარტიიდან.

ეს არის ზუსტად იგივე, რაც ჩვენ გვესმის, ცოტა სხვა სიტყვებით, მოლდოვის ოპოზიციისგან, რომლებიც მოსკოვში შეიკრიბნენ გასულ შაბათ-კვირას. ჩვენ ვხედავთ, რომ მსგავს ზომებს ატარებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყირგიზეთი, სადაც მსგავსი კანონის მიღება სურთ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო ხდება კრემლის მარიონეტი. არ მეშინია ასეთი სიტყვების გამოყენების, რადგან დღეს ის დროა, როცა საკუთარი თავი ძალიან მკაფიო და ღია გზით უნდა გამოვხატოთ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

სრულად წაკითხვა