საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ – განცხადებების შეტანის ვადა გახანგრძლივდა

1 day ago 4

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით დროებითი უფლების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2027 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა. ცვლილება შევიდა კანონში „საქართველოს მოქალაქეობის“ შესახებ.

ცვლილება ეხება მათ, ვისაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიზეზით და, აგრეთვე, მათ, ვინც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა.

გარდა ამისა, კანონის იმ მუხლის მოქმედება, რომელიც ეხება 1993 წლამდე ქვეყანაში დაბადებულთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს, ორი წლით გახანგრძლივდა.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მსურველებმა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებაში წერია:

1. 32​​2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს სააგენტოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.“

2. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 30​​​​2 და 31​​​1 მუხლები მოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე“.

კანონი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე (29.12.2024) ამოქმედდა.

ცნობისათვის: 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა საქართველოს 1776-მა ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 7588-მა მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე:

რა ჯდება პასპორტის აღება 2024 წელს და როგორ ავიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში?

სრულად წაკითხვა