პოლონური მედიის ცნობით, ქართული პასპორტის მქონე პირი, რომელიც ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი რუსი კარიკატურისტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი 36 წლის კაცია.
როგორც პოლონური მედია წერს, რომელიც მას ქართული პასპორტი აქვს, თუმცა აზერბაიჯანულად საუბრობს.
„როგორც არაოფიციალურად შევიტყვეთ, მამაკაცს საქართველოს პასპორტი აქვს, თუმცა აზერბაიჯანულად საუბრობს. მისი სახელიც, რომელიც ამ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია, ბევრს მეტყველებს მის წარმომავლობაზე. სიტყვასიტყვით ის „ღვთის შუქს“ ნიშნავს.
მამაკაცი პოლიციისთვის უკვე ნაცნობი ფიგურა იყო. ის პოლონეთში გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა და ხშირად მოგზაურობდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპაში. გამორიცხული არ არის, რომ მას დანაშაულები იქაც ჩაედინა. კვალი, მაგალითად, გერმანიისკენ მიდის. პოლონეთში კი მას რამდენიმე წლის წინ ვარშავაში მომხდარ მკვლელობასთან აკავშირებენ“, – წერს პოლონური მედია.
კრემლისა და პუტინის კრიტიკოსი ხელოვანი, სემიონ სკრეპეცკი 15 ივნისს მოკლეს. 44 წლის კარიკატურისტს 5 ტყვია ესროლეს. ინციდენტი პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში, ბელორუსიის საელჩოდან ნახევარ კილომეტრში მოხდა. თავად ეს ქალაქიც ბელორუსის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.
სემიონ სკრეპეცკის ნამდვილი სახელია რობერტ კუზოვკოვი. ის ცნობილი გახდა პოლიტიკოსების, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის კარიკატურებით.
მომხდარიდან მალევე პოლიციამ ბელარუსის ორი და იტალიის ერთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც დაკითხეს, თუმცა მათთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
რაც შეეხება მკვლელობაში ეჭვმიტანილ ელვირ ა.-ს, ის პოლიციამ მომხდარიდან 72 საათში, ვარშავის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში აიყვანეს.
„როგორც გავარკვიეთ, მკვლელმა დანაშაული სისრულეში იმით მოიყვანა, რომ 9-მილიმეტრიანი პისტოლეტის ლულა გაზონზე მწოლიარე რუსი მამაკაცის თავთან მიიტანა და ასე ესროლა. ამის შემდეგ ის, სავარაუდოდ, ტანსაცმლის გამოცვლის მერე მიიმალა. მალევე პოლიციამ ბელარუსის ორი და იტალიის ერთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც დაკითხეს, თუმცა ბრალი არ წარუდგენიათ. ელნურ ა. კი პოლიციელების, პროკურორებისა და შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლების მიერ 72-საათიანი საგულდაგულო გამოძიების შედეგად იქნა აყვანილი.
მამაკაცი ვარშავის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში აიყვანეს, სადაც ის სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. დაკავების მომენტში მას თავის ოთახში, ლოგინში ეძინა, როდესაც სამართალდამცავებმა კარი შეამტვრიეს და შიგნით შეიჭრნენ. ის მოულოდნელობისგან გაოგნებული იყო და გაქცევა არც უცდია – ამის მცირე შანსიც კი არ ექნებოდა“, – წერს პოლონური მედია.
ელნურ ა.-ს ბრალი ლუბლინის პროკურატურის დეპარტამენტმა 19 ივნისს წარუდგინა. პოლონეთის პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას ელნურ ა.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
პოლონეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობასაც, რომ ელნურ ა. მარტო მოქმედებდა, რადგან ეს მისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა.
თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი კარიკატურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ქართული პასპორტი აქვს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 18 ივნისს გაავრცელა.
ტუსკის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაუკავშირდნენ თუ არა პოლონელი სამართალდამცველები ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლეს თუ არა საქართველოს მოქალაქის დაკავების პროცესში. თუმცა, ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·