საქართველოს ციხეებში პატიმრების რიცხვი 6 თვეში 1 532-ით გაიზარდა - კიდევ რას აჩვენებს სტატისტიკა

1 day ago 1

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, საქართველოში პატიმრების საერთო რაოდენობა უახლოვდება საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრების ადგილების რაოდენობის ზედა ზღვარს.

პენიტენციური სისტემის 14 დაწესებულებაში სულ 12 332 პატიმრის ადგილია - მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე პატიმართა რაოდენობა, აგვისტოში ქსანში, მე-15 დაწესებულებაში, დასაშვებზე 251-ით მეტი პატიმარი იჯდა, ქუთაისში - 111-ით, გლდანში - 418-ით. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ კონკრეტულ ციხეებში განსაზღვრულზე მეტი რაოდენობის პატიმრების განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე შესაძლებელია.

ათი ათას პატიმარზე მეტი საქართველოს 2024 წლამდე, 2015 წლის შემდეგ აღარ ჰყოლია.

2024 წელს პატიმრების რაოდენობის ზრდა შემცირდა ოქტომბერში. ამ დროს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა - მის ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამ დრომდე არ აღიარებენ.

2025 წლის პირველ 6 თვეში პატიმართა რაოდენობა 1 532-ით გაიზარდა და 10 124 გახდა.

თუკი წლის დასაწყისში პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახედ შემთხვევების 38,9%-ში გამოიყენებოდა, აგვისტოში ეს მაჩვენებელი 41,0%-მდე გაიზარდა. სხვაგვარად ეს იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისში 455 ადამიანს შეეფარდა პატიმრობა, აგვისტოში - 724-ს.

პატიმართა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაპატიმრების მაჩვენებელიც - თუკი 2025 წლის იანვარში ქართულ ციხეებში უცხო ქვეყნის 1 022 მოქალაქე იჯდა 54 ქვეყნიდან, 2025 წლის აგვისტოში უცხოელი პატიმრების რიცხვი 61 ქვეყნიდან 1 347-მდე გაიზარდა. უცხოელ პატიმრებს შორის ყველაზე დიდ წილს შეადგენენ თურქეთის მოქალაქეები (34% აგვისტოს მდგომარეობით), შემდეგ მოდიან რუსეთი (11,95%), აზერბაიჯანი (8,83%), უკრაინა (7,8%) და ირანი (5,42%).

ზრდა ჩანს არაპატიმარ მსჯავრდადებულებშიც - თუკი 2025 წლის იანვარში 19 137 არაპატიმარი მსჯავრდადებული იყო საქართველოში, აგვისტოში მათმა რიცხვმა 20724 შეადგინა. მათი 83% პირობითი მსჯავრით არის ციხის გარეთ.

სრულად წაკითხვა