სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა რამდენიმე დღეში შეწყდა.
მიზეზად დასახელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან შენობების ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნები.
ნეტგაზეთის დათვლით ქვეყნის მასშტაბით ასეთი მინიმუმ 10-მდე სკოლაა. ასევე გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ სკოლაში, მათ შორის ხელმძღვანელ პირებსაც კი, ჯერ თვალითაც არ უნახავთ ექსპერტიზის ის დასკვნები, რომლის საფუძველზეც საკლასო ოთახებში სწავლა შეჩერდა.
თბილისის 21-ე სკოლა
თბილისში ასეთი აღმოჩნდა 21-ე სკოლა (ყოფილი “გერმანული”, მე-6 სკოლა) – ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ნეტგაზეთმა ნახა, ამბობს, რომ რეკომენდებულია შენობის დემონტაჟი.
აღნიშნულს, ისევე როგორც მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას მშობლებისა და ბავშვების პროტესტი მოჰყვა. 22 სექტემბერს სკოლასთან კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. სასკოლო საზოგადოება დასკვნას უნდობლობას უცხადებს და განათლების სამინისტროსგან ითხოვს:
- „ბავშვებისთვის ალტერნატიული სივრცის გამოყოფა, უმოკლეს ვადაში, რომელიც უზრუნველყოფს 2026/2027 წლის სასწავლო გეგმის, გერმანული ენის პროგრამის და ინკლუზიური სწავლების ხარისხიანად განხორციელებას;
- არსებული ექსპერტიზის დასკვნის განხილვა-შეფასება დარგის სპეციალისტების ჩართულობით და ახალი კომპლექსური საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;
- საჭიროების შემთხვევაში შენობის რეაბილიტაცია, დემონტაჟის ნაცვლად.
აღსანიშნავია, რომ დასკვნა ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულია 10 სექტემბერს. აქედან 5 დღეში, 15 სექტემბერს სკოლაში სწავლა საზეიმოდ დაიწყო და ის მხოლოდ 17 სექტემბერს შეწყდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იცოდნენ შენობის ავარიულობის შესახებ ორი დღის წინ, როცა სწავლა დაიწყო და რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება მთელი ზაფხულის განმავლობაში, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი სამინისტროში მხოლოდ 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს და მყისიერად ირეაგირეს.
სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლა
აქცია გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლასთანაც. მშობელი მილენა მარქარიანი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ჯერჯერობით ზუსტი პასუხიც კი ვერ მიიღეს, მისაქციელის სკოლაც უნდა დაინგრეს, თუ შენობას მხოლოდ რეაბილიტაცია სჭირდება. მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსაც არ აქვს.
სწავლის შეწყვეტის მიზეზად მერიიდან მისული ბრძანება დასახელდა:
„მიზეზად დასახელდა, რომ მერიიდან მოვიდა ბრძანება – სკოლა არის დასანგრევიო. მერე თქვეს, სარეაბილიტაციოა. მერე თქვეს, რომ ჯერ ზუსტი პასუხი არ გვაქვს. თქვეს – უნდა გადავიდეთ ონლაინ სწავლებაზე და უკვე [Facebook] ჯგუფში მშობლებიც ჩაერთნენ, გამოვხატეთ პროტესტი, დავსვით კითხვები: რატომ, რა მოხდა, როგორ. გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ მერიიდან არის მოსული პასუხი, დასკვნა დაიდო, რომ ავარიული სიტუაცია აქვს სკოლას და დასანგრევია. დღეს რომ მივედით სკოლაში, გვითხრეს, რომ რეაბილიტაციაა საჭირო, დასანგრევი არ არისო. მაგრამ პასუხი მაინც არ გვაქვსო“, – გვეუბნება მილენა მარქარიანი.
მისივე განმარტებით, ამ სკოლაში ბავშვები ხუთი სხვადასხვა სოფლიდან დადიან. სკოლაში სულ 55- ბავშვი სწავლობს. მათ ალტერნატივად წილკანში მდებარე სკოლას სთავაზობენ, რომელიც 9 კმ-ის დაშორებითაა.
„ერთი კვირა იქნებით ონლაინო, ერთი კვირის შემდეგ ტრანსპორტი დაინიშნებაო. არ ვიცი, 550 ბავშვს რა ტრანსპორტი უნდა დაუნიშნონ, რომ წილკანში ატარონ და იმ სკოლას აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ 550 ბავშვი დაიმატოს. გარდა ამისა, მეორე და მესამე ცვლაში რომ ვიაროთ, ეგ გამოდის საღამოს 6 საათი და იქიდან მოსული ბავშვი რისი მსწავლელია, არ ვიცი“, – ამბობს მშობელი.
მშობლებს არც ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელება სურთ და არც სხვა სოფლის სკოლაში გადასვლა.
„გამოვთვალეთ და სულ ცოტა 12 ავტობუსი გვჭირდება. იმ მძღოლს ხომ უნდა ხელფასი? იმ ავტობუსს ხომ უნდა საწვავის ჩასხმა? ჯერ მარტო ტრანსპორტი ძალიან ძვირი გვიჯდება. თუ არის ეგ რესურსი, რომ მაგხელა თანხა გამოიყოს, მაშინ სკოლას გამოეყოს და შენობაზე დაიხარჯოს.
თუ დასანგრევია, ავითვისებთ მხოლოდ ერთ სართულს და ისევ ჩვენს სკოლაში ვიყოთ ორ ცვლაში, სანამ ახალი აშენდება. უკან უზარმაზარი ტერიტორია აქვს სკოლას. თუ სარემონტოა, მოიცადონ გაზაფხულამდე, შემოდგომამდე“, – ამბობს მარქარიანი.
მარქარიანი გვეუბნება, რომ დღეს სკოლასთან შეკრებილ მშობლებს შეხვდა გამგებელიც, რომელმაც პირობა დადო, რომ მათ მოთხოვნებს გუბერნატორს გადასცემდა. მშობლები კითხვებზე პასუხებს ელოდებიან და აპირებენ დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაატარონ.
ველისციხისა და გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლები
21-25 სექტემბრის კვირაში მოსწავლეები ონლაინ მოდელით ისწავლიან ველისციხის სკოლაშიც, შემდეგ კი ისინიც ალტერნატიულ ფართში გადავლენ.
გურჯაანის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, შენობა არარენტაბელურადაა მიჩნეული. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნას უშუალოდ არ იცნობს, ამიტომ ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას სკოლა დემონტაჟს დაექვემდებარება თუ მხოლოდ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ.
„დასწრებით სწავლებაზე სკოლა გადავა ალტერნატიულ ფართში, გურამ ჭილაშვილის სახელობის მე-4 საჯარო სკოლაში. სწავლას განახორციელებს მეორე ცვლაში. დაწყებითი კლასები მეორე ცვლას შედარებით ადრე დაიწყებენ. მოსწავლეებს და სკოლის პერსონალს მოემსახურება ტრანსპორტი, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია“, – ამბობს დალი მინდიაშვილი.
მისივე თქმით, დაწესებულება, სადაც ბავშვებმა სწავლა უნდა გააგრძელონ ველისციხის სკოლიდან 6 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.
იგივე მდგომარეობაა გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლაშიც, ამ შემთხვევაში მოსწავლეების ტრანსპორტირება არ იქნება საჭირო:
„გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლა, მეორე ცვლაში გადავა გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში. ოღონდ ტრანსპორტირება მანძილის სიახლოვის გამო საჭირო არ იქნება“, – ამბობს დალი მინდიაშვილი.
სოფელ ავრანლოს სკოლა
სწავლა შეწყდა სოფელ ავრანლოს სკოლაშიც, რომელშიც ჯამში 79 მოსწავლეა რეგისტრირებული. ექსპერტიზის დასკვნა სკოლის დირექტორისთვის არც ამ შემთხვევაშია ცნობილი. ის ნეტგაზეთს ეუბნება, რომ პასუხს სამინისტროსგან ელიან:
„ამ წუთში დისტანციურ რეჟიმზე ვართ ერთი კვირით და ვნახოთ რა პასუხი მოგვივა. [სამინისტროს] ხელმეორედ მივწერეთ წერილი, რომ არ გვქონდა დასკვნა მიღებული. ვფიქრობთ, ჩვენი სკოლა ამ ეტაპზე გაუძლებს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, თუ რაღაც ისეთი არაა, რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ და საშინელება ხდება… მაშინ უკვე ალტერნატიული ადგილი გვაქვს მოძებნილი. მეზობელი სოფელია იქვე, კიზილ-კილისის საჯარო სკოლა“, – ამბობს მიხეილ ჯაყელი „ნეტგაზეთთან“.
კიდევ სად შეჩერდა სასწავლო პროცესი
ზემოთ ჩამოთვლილი სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი ასევე შეჩერდა:
- ხაშურის მე-5 სკოლაში – სკოლაში „ქართლის ამბებს“ უთხრეს, რომ ამჟამად სწავლა ონლაინ რეჟიმში გრძელდება, პარალელურად, განიხილება მათი ხაშურის მე-8 საჯარო სკოლაში გადაყვანა;
- წყალტუბოს მე-2 სკოლაში – „ქუთაისიპოსტთან“ რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამინისტრომ 17 სექტემბერს მიიღო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შენობა არარენტაბელურია. მისივე თქმით, ამ კვირაში მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში ისწავლიან და დაგეგმილია ალტერნატიული ფართის მოძიება.
- სენაკის მე-3 საჯარო სკოლაში – „ინფომარტივილს“ რესურსცენტრში ეუბნებიან, რომ ახალი შენობა უნდა აშენდეს. 28 სექტემბრიდან მოსწავლეები სწავლას ამავე მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში განაახლებენ.
- კორცხელის სკოლა – „ლელოს“ წევრმა, გიორგი თოდუამ გაავრცელა ინფორმაცია სასწავლო პროცესის შეჩერებაზე.
- ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლა – „ინფო იმერეთის“ ცნობით, მშობლებს ალტერნატიული სკოლა საფიჩხიაზე შესთავაზეს.
- ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა – „მთავარს“ მშობელი უყვება, რომ სწავლა ჯერ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება, მოგვიანებით კი მოსწავლეებს კვალითის მე-4 საჯარო სკოლაში გადაანაწილებენ.
„ნეტგაზეთი“ ზუსტი მონაცემების გასაგებად, თუ რამდენ სკოლაში შეწყდა სწავლა, ასევე რამდენია ისეთი სკოლა, რომელმაც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოსწავლეების მიღება ვერც წელს შეძლო, განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
„უკმაყოფილება უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ მოთხოვნებში“
ამ ინფორმაციის მიღება სამინისტროსგან ასევე სურს „მოძრაობას სოციალური დემოკრატიისთვის“. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გოტა ჭანტურია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ იკვეთება არაპროფესიონალიზმი დაგეგმარების თვალსაზრისით, უპასუხისმგებლობა და ის, რომ განათლების სისტემა არ არის პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის.
„ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ქაოსსა და უბედურებაზე განათლების მინისტრი თავის მენეჯმენტიანად გადადგებოდა და მე მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი მოთხოვნა – პასუხი უნდა აგოn გადაწყვეტილების მიმღებმა, როცა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ [სკოლები]“, – ამბობს ჭანტურია.
მისივე თქმით, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ მაგალითად 21-ე სკოლის შემთხვევაში შეიძლება იკვეთებოდეს ფინანსური ინტერესიც, რადგან შენობა პრესტიჟულ ტერიტორიაზე.
ჭანტურიას აზრით, ზოგადად შესწავლას ასაჭიროებს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რადგან არსებობს კორუფციაზე ეჭვებიც. მას არ აქვს მოლოდინი, რომ „ოცნების“ პირობებში შეიძლება განათლების სისტემაში არსებული პრობლემები მოგვარდეს და გატარდეს სისტემური ცვლილებები.
„რა არის ეს სისტემური ცვლილებები ჩვენი ხედვით?! პირველ რიგში, განათლების დაფინანსება მშპ-სთან მიმართებით მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ, ვთქვათ, შრომითი პირობები შეიცვალოს, იმისთვის, რომ განათლებამ თავისი სოციალური ფუნქცია დაიბრუნოს. აი, ახლა მაგალითად, [პარლამენტში] განიხილავდნენ სასკოლო კვების საკითხს. ავტორებს უკან დაუბრუნეს, ბიუჯეტირება არ აქვსო. მე შემიძლია გითხრათ, რომ განათლების სამინისტროს რამდენიმე წლის წინ ჩვენ დეტალურად გაწერილი, სხვადასხვა მოდელები თავისი მენიუებით, თავისი ბიუჯეტით მივაწოდეთ. მიხეილ ჩხენკელი იყო მინისტრი, შემდეგ გიორგი ამილახვარი იყო მინისტრი, მანამდე მიხეილ ბატიაშვილი, არ ვიცი, ანუ 7 წელია უკვე ამ საკითხზე მუშაობა მიდის, მაგრამ ვერ გამოინახა რესურსი, დრო და ენერგია, რომ სასკოლო კვება დანერგილიყო. განათლებამ უნდა დაიბრუნოს თავისი სოციალური ფუნქცია, ერთ-ერთი მაგალითი არის სასკოლო კვების პროგრამა. არის ასევე განგრძობითი პროგრამები, ანუ სკოლას უნდა ჰქონდეს იმის რესურსი, რომ ბავშვები მეტხანს დააყოვნოს სკოლაში. მათ შორის შეიძლება იყოს არაფორმალური, დამატებითი წრეები. ოღონდ ესეც უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, – განმარტავს ჭანტურია.
გოტა ჭანტურიას თქმით, სტუდენტებშიც, მშობლებშიც და ზოგადად ფართო საზოგადოებაში ხედავს უკმაყოფილებას განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენების გამო, თუმცა მნიშვნელოვანია „ამ უკმაყოფილების პოლიტიზება“. მისი თქმით, საჭიროა, რომ უკმაყოფილება და პროტესტი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდოს.
netgazeti