IMF-ს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის (WEO) ბოლო, 25 აპრილის კვარტალური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა სამი წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდება, თუმცა ეკონომიკა კვლავ გაიზრდება - 6%-ით.
ზრდის ტემპი მცირდება მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებითაც - მსოფლიო ბანკის მოლოდინით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.5% იქნება.
ორივე წყაროს თანახმად, მომდევნო, 2026 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5%-ია.
საქსტატის მონაცემებით:
- 2020 წელს კოროვირუსის პანდემიის გამო საქართველოს 6.3%-იანი რეცესია ჰქონდა.
- 2021 წელს, მსოფლიოში პოსკოვიდური აღდგენის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა.
- 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ გადაწყობის, ასევე, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციისა და კაპიტალის შემოდინების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა.
- 2023 წელს ეკონომიკამ ზრდა განაგრძო - 7.8%-ით.
- 2024 წელს ზრდის ტემპი კვლავ გაიზარდა - მშპ-ის ზრდამ 9.4% შეადგინა.
- თუმცა საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 7.5 და 6.7%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ 2024 წლის ბოლოს - ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციებისა და დასავლეთთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის პარალელურად, - ეკონომიკური ზრდა შენელდა.
საქსტატის მონაცემებითვე, 2025 წლის პირველ ორ თვეში მშპ-ის საშუალო ზრდა 9.4%-ია. თუმცა ჯერ მხოლოდ ორი თვის მონაცემია ხელმისაწვდომი (მარტის წინასწარი მონაცემები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება). თვიური მონაცემები კი ასეთი იყო:
IMF-ს წინა კვარტალურ ანგარიშში 2025 წლისათვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.3%-ზე ჰქონდა ფიქსირებული, ახლა კი 2.8%-მდე შეამცირა.
IMF-ისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებითვე, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი საქართველოს მეზობელ სომხეთის რესპუბლიკაშიც.
მსოფლიო ბანკი სომხეთის შემთხვევაში 2025 წელს მხოლოდ 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზიებს, IMF-ი კი - 4.5%-ს.
სხვა მეზობელ ქვეყნებში 2025 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი, IMF-ის თანახმად, ასეთია:
- აზერბაიჯანი - 3.5%
- თურქეთი - 2.7%
- რუსეთი - 1.5%