WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა და  2025–2026 წლებისთვის მათმა ციფრმა 12,800-ს გადააჭარბა.

EPRC საქსტატისა და ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ირანული ინვესტიციები ბოლო წლებში ძირითადად რამდენიმე მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა:

  • „2013 წლიდან 2024 წლამდე ჯამურად ირანულმა ინვესტიციებმა 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით ზრდა იყო, თუმცა ერთ კომპანიაზე გათვლით საკმაოდ მცირე თანხას შეადგენდა“.
  • 2024 წელს ირანიდან წმინდა FDI უარყოფითი იყო (-0.65 მლნ აშშ დოლარი);
  • 2025 წლის წინასწარი მონაცემებით – დაახლოებით 0.4 მლნ დოლარი. შედეგად, ირანის წილი საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ოფიციალური სტატისტიკით, უმნიშვნელო რჩება“.

EPRC ამბობს, რომ არსებული მონაცემები, კერძოდ რეგისტრირებული კომპანიების დამფუძნებელ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია მოწმობს, რომ ირანული კომპანიების ოფიციალური პროფილია მცირე ვაჭრობა, უძრავი ქონება, მომსახურების სექტორი, სამშენებლო საქმიანობა, ლოჯისტიკასა და რეექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები.

„აქტივობის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის და ნაკლებად უკავშირდება მსხვილ საწარმოო, სამრეწველო ან ტექნოლოგიურ პროექტებს. თუმცა მნიშვნელოვანი ფინანსური, გამჭვირვალე ნაკადები არ ჩანს FDI-ში და ამასთან, სხვადასხვა ანალიტიკური დასკვნის თანახმად, არც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილა ამ კომპანიებში. ათობით კომპანია კი ერთი და იგივე მისამართზეა რეგისტრირებული“, – წერია განცხადებაში.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ ამბობს, რომ ერთადერთი გამჭვირვალე ფინანსური ზრდა არის ტურისტული დანახარჯების მიმართულებით – 2022-2024 წლებში ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავალი გაიზარდა 91.1 მლნ დოლარიდან 151.1 მლნ დოლარამდე (65%), 2025 წელს კი შემცირდა – 17,8%-ით.

„სტატისტიკა აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების  და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?

ირანის ფინანსური სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საერთაშორისო სანქციების პირობებში ფუნქციონირების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ეკონომიკური ოპერაციების ნაწილი ხორციელდება ალტერნატიული, მათ შორის არასაკმარისად გამჭვირვალე ფინანსური არხებით, რომლებიც სრულად არ აისახება ოფიციალურ სტატისტიკაში.

როდესაც ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, ტრადიციული საბანკო სისტემის გარეთ ან შეზღუდული გამჭვირვალობის პირობებში ხორციელდებოდეს, სახელმწიფოს შესაძლებლობა, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, (მით უმეტეს, თუ ასეთი ნება არ არსებობს), ეფექტიანად აკონტროლოს ფინანსური ნაკადები, სანქციების შესაძლო გვერდის ავლა და ფულის გათეთრების რისკები, მნიშვნელოვნად მცირდება“, – წერია განცხადებაში.

EPRC-ს განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი მოდელი ხშირად ასოცირდება ნომინალურ (ე.წ. „ქაღალდზე არსებულ“) კომპანიებთან, რომლებიც ფორმალურად რეგისტრირებულნი არიან, თუმცა რეალური ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული აქვთ.

„ასეთ კომპანიებს ზოგჯერ იყენებენ რეექსპორტისთვის, შუამავლური ფინანსური ოპერაციებისთვის ან სხვადასხვა ქვეყნის სანქციების და მარეგულირებელი მოთხოვნების გვერდის ასავლელად. სწორედ ამიტომ, როდესაც კომპანიების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაგრამ ამას არ ახლავს ინვესტიციების, წარმოების, ექსპორტის ან დასაქმების შესაბამისი ზრდა, ჩნდება კითხვები მათი საქმიანობის რეალური ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ. მით უმეტეს ქვეყანაში, რომელსაც უვიზო რეჟიმი აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც ხშირად ძალიან მიმზიდველია ირანის მსგავსი ქვეყნების მოქალაქეებისა და ბიზნეს თუ პოლიტიკური წრეებისთვის“, – აცხადებს EPRC.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ განცხადებით, აშშ-ის მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია Shelbit-ის დასანქცირებამ, რომლის მფლობელიც ირანის მოქალაქეა დაადასტურა, რომ სანქციების თავიდან არიდების მცდელობების საკმაოდ მრავალფეროვან სქემებთან გვაქვს საქმე.

EPRC ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებს ფონზე, „საქართველოში ბოლო წლებში ირანის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების ბუმი და ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა უკვე დამატებითი, და უკვე დადასტურებული, საფრთხის კონტექსტში უნდა განვიხილოთ“.