WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

27

ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში, წერს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბასა და ამავე ეპარქიის მღვდელმონაზონ იერონიმეს წინააღმდეგ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შევიდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს საპატრიარქოსა და ქრისტეს ეკლესიისადმი ურყევი ერთგულების საკითხი დღეს ამერიკაში მოქმედი რამდენიმე ქართული მართლმადიდებელი მონასტრის ირგვლივ შექმნილი მძიმე დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც ამ თემაზე ჟურნალისტური მოკვლევა დავიწყე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს ვიკავებდი მოპოვებული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან. ამის მიზეზი მარტივი იყო: არ მსურდა მიმდინარე დაპირისპირებას ჩრდილი მიეყენებინა ამერიკაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტისა და მისი მრევლისთვის.
თუმცა, როგორც ეკლესიასტე გვასწავლის, არის „ჟამი დუმილისა და ჟამი სიტყვისა“. ზოგჯერ სიტყვა აშენებს, ზოგჯერ კი დუმილი იცავს აშენებულს. მაგრამ დგება მომენტიც, როდესაც დუმილმა შესაძლოა სიმართლის დაფარვას შეუწყოს ხელი.
ვფიქრობ, სწორედ ასეთი დრო დადგა.
პირადად ჩემთვის ეს საკითხი მხოლოდ საზოგადოებრივი ან ჟურნალისტური ინტერესის საგანი არ არის. მას ჩემთვის მნიშვნელოვანი სულიერი დატვირთვაც აქვს. ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჟურნალისტური პასუხისმგებლობის ფარგლებში დავიცვა სიმართლე და საზოგადოებას მივაწოდო ის დოკუმენტები და გარემოებები, რომლებიც უკავშირდება ამერიკაში ქართული მართლმადიდებელი მონასტრების მდგომარეობას და ჩვენი სულმნათი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ დაწყებულ საქმესა და სულიერ მემკვიდრეობას.

ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი
2026 წლის 14 აგვისტოს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში (United States District Court for the Southern District of New York) შეტანილ იქნა სარჩელი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას (ლაშა ინწკირველი) და ამავე ეპარქიის მღვდელმონაზონ იერონიმეს (გიორგი ქათამაძე) წინააღმდეგ.
მოსარჩელეთა შორის არიან ამერიკაში მოქმედი სამი მართლმადიდებელი მონასტერი – ორი მერილენდში, მათ შორის წმინდა სიდონიას სახელობის დედათა მონასტერი, სულიწმიდის მონასტერი, და ერთი ოკლაჰომაში – წმინდა იაკობის სახელობის მამათა მონასტერი – „ახალი სტუდიონი“.
სარჩელის თანახმად, დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია მონასტრების ქონების საკუთრება და ეპარქიის კონსტიტუციის 21.7 მუხლი.

ეპისკოპოსმა საბამ შეიმუშავა და მხარი დაუჭირა დებულებას, რომლის თანახმადაც „მწვალებლობის, განხეთქილების ან განდგომის“ შემთხვევაში შესაბამისი მონასტრის ქონების „საკუთრების უფლება, მართვა, ადმინისტრირება და კონტროლი“ დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს ეპარქიის ეპისკოპოსზე. აღნიშნული მუხლი ეპისკოპოსს მათი ქონების საკუთრებად მოთხოვნის სამართლებრივ უფლებას ანიჭებს და მოსარჩელეები სასამართლოსგან სწორედ ამ საკითხზე დეკლარაციულ გადაწყვეტილებას ითხოვენ.
ბრალდებები დისკრედიტაციისა და ცილისწამების შესახებ
სარჩელის თანახმად, მას შემდეგ, რაც მონასტრებმა და მათმა წინამძღვრებმა წინააღმდეგობა გამოხატეს ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ეპარქიის კონსტიტუციის ახალი დებულებების მიმართ, დაიწყო მათი საჯარო დისკრედიტაციის კამპანია.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იღუმენი ქრისტეფორე (მერილენდის სულიწმიდის მონასტერი) და იღუმენი ათანასე (ოკლაჰომას წმინდა იაკობის სახელობის მამათა მონასტერი-„ახალი სტუდიონი“) განკვეთილნი და სასულიერო ხარისხიდან განყენებულნი იყვნენ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანულ საზოგადოებაში მსგავსი საეკლესიო სანქციები სასულიერო პირის მიმართ გამოსაყენებელ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და სტიგმატიზებელ ზომას წარმოადგენს და შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს სასულიერო პირის სულიერი მდგომარეობა, ავტორიტეტი და რეპუტაცია. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ამგვარი განცხადებების გაკეთებისთვის არ არსებობდა არანაირი მოქმედი და სამართლებრივად დასაბუთებული საფუძველი.

სწორედ ამ და სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ითხოვენ ისინი სასამართლოსგან სამართლებრივ დაცვას, მათ შორის ცრუ და ცილისმწამებლურად მიჩნეული განცხადებებით გამოწვეული ზიანის გამო.

ილია II და ამერიკაში არსებული ქართული მონასტრები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მოვლენების ისტორიული კონტექსტი.
აღნიშნული მონასტრების საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის ისტორია უშუალოდ უკავშირდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელს.
2012 წელს სწორედ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით დაიწყო ამ მონასტრების საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში გადასვლის პროცესი.
როგორც ჟურნალისტი და ამ მოვლენების ერთ-ერთი თვითმხილველი, ამ პროცესს 2012 წლიდან ვიცნობ და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და მოვლენებს წლების განმავლობაში ვაკვირდები.
სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ ამ მონასტრებთან დაკავშირებული დავა კიდევ უფრო გამწვავდა.
ურთიერთგამომრიცხავი საჯარო განცხადებები
მონასტრებთან დაკავშირებული დისკრედიტაციის პროცესში გავრცელდა რამდენიმე საჯარო განცხადება, რომლებმაც საზოგადოებაში მნიშვნელოვანი დაბნეულობა გამოიწვია.
ერთ შემთხვევაში, ამერიკაში, კანონიკური მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ასამბლეის ოფიციალურ ორგანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ერთმანეთთან ფაქტობრივად დაკავშირებული აღმოჩნდა ორი განსხვავებული ცნება – „ეპისკოპოსის კურთხევის ან თანხმობის არქონა“ და „არაკანონიკურობა“.
ეს ცნებები ერთმანეთის სინონიმები არ არის და მათი ერთმანეთთან გაიგივება სერიოზულ კითხვებს წარმოშობს.
კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის Facebook-გვერდზე ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ შექმნილ გარდამავალ პერიოდში, ახალი პატრიარქის არჩევამდე.
განცხადება ხელმოუწერელი იყო და ეხებოდა წერილს, რომელიც, განცხადების თანახმად, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან ოთხი დღის შემდეგ იქნა მიღებული. თავად წერილი საზოგადოებისთვის არ გამოქვეყნებულა და არც მისი შესაბამისი მონაკვეთები ყოფილა ციტირებული.
ამ განცხადებაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო იღუმენია ემერიტა დედა ემილიანეს სტატუსზე (წმინდა სიდონიას სახელობის დედათა მონასტერი მერილენდში), მონასტრების სავარაუდო სტავროპიგიულობაზე და საქართველოს საპატრიარქოსთან მათ ურთიერთობაზე.
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიური სიზუსტე.
სტავროპიგიული მონასტერი არის მონასტერი, რომელიც უშუალოდ პატრიარქის ან წმინდა სინოდის იურისდიქციას ექვემდებარება და არა ადგილობრივ ეპისკოპოსს.
ჩემს მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით, აღნიშნულ მონასტრებს საკუთარი თავის საპატრიარქო სტავროპიგიულ მონასტრებად გამოცხადება არ მოუხდენიათ.
ამასთანავე, ფრაზა – „არ არიან საპატრიარქო სტავროპიგიული მონასტრები“ – თავისთავად არ ნიშნავს, რომ მონასტრები საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში აღარ იმყოფებიან.
სწორედ ამ განსხვავების დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ბევრად უფრო კატეგორიული ინტერპრეტაცია, თითქოს ეს მონასტრები „არ ეკუთვნიან საქართველოს საპატრიარქოს“.

ჩემს მიერ დღემდე შესწავლილ მასალებში არ მინახავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ან წმინდა სინოდის ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ოფიციალურად დადგინდებოდა, რომ აღნიშნული მონასტრები საქართველოს საპატრიარქოს აღარ ეკუთვნიან.
რაც შეეხება, იღუმენია ემერიტა დედა ემილიანეს თანამდებობის საკითს, სარჩელის მიხედვით, იღუმენია ემილიანემ 2024 წლის 25 ოქტომბერს, წერილობით თავად აცნობა ეპისკოპოს საბას წმინდა სიდონიას სახელობის მონასტრის იღუმენიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება კი აღნიშნავდა, რომ დედა ემილიანე 2025 წლის მარტში იღუმენიას თანამდებობიდან გადაყენებული იყო ეპისკოპოსი საბას მიერ, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
მეუფე საბას საჯარო განცხადება
2026 წლის 26 ივლისს, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ (https://www.youtube.com/watch?v=VGJt8HB3zJI&t=381s), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ ამერიკაში მოქმედი აღნიშნული მონასტრების შესახებ განაცხადა, რომ ისინი სქიზმაში იმყოფებიან და საქართველოს საპატრიარქოს აღარ ექვემდებარებიან.
როგორც ჟურნალისტმა გადავამოწმე ჩემთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტები და გარემოებები.
ჩემს მიერ დღემდე შესწავლილი მასალები არ მაძლევს საფუძველს, მეუფე საბას ეს განცხადება სიმართლედ მივიჩნიო.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს არა მხოლოდ ცალკეული საჯარო განცხადებები, არამედ შესაბამისი კანონიკური და სამართლებრივი დოკუმენტებიც.
სარჩელის შეტანიდან რამდენიმე დღეში TikTok-ზეც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ამ სამი მონასტრის შესახებ კვლავ არასწორი განცხადებები გაკეთდა.
ამ პოსტს თან ვურთავ შესაბამის ვიდეოს, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელის სრულ ტექსტს (https://storage.courtlistener.com/recap/gov.uscourts.nysd.670599/gov.uscourts.nysd.670599.1.0.pdf) და ამერიკელი სამართლის პროფესორისა და ბლოგერის, ჰოვარდ ფრიდმანის მიერ სასამართლო დავის შესახებ გამოქვეყნებულ მასალას (https://religionclause.blogspot.com/2026/08/suit-claims-head-of-georgian-orthodox.html?m=1), რათა მკითხველს ჩემი პირველწყაროების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს.
საჯარო მიმართვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მსურს საჯაროდ მივმართო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს, და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს:
– გამოიცა თუ არა პატრიარქის ან წმინდა სინოდის კანონიკური გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აღნიშნული მონასტრები საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციიდან გასულად უნდა ჩაითვალოს?

– თუ ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობდა, მაშინ რის საფუძველზე ვრცელდება საჯაროდ ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული მონასტრები საქართველოს საპატრიარქოს აღარ მიეკუთვნებიან?

– რა არის საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ მონასტრებთან დაკავშირებით?
და კიდევ ერთი, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კითხვა:
– ვინ და როგორ დაიცავს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ამერიკაში დაწყებულ ამ სულიერ საქმესა და მემკვიდრეობას?

დღეს საკითხი უკვე გასცდა შიდა საეკლესიო უთანხმოების ფარგლებს. დავა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში განიხილება და მასში ქართველი ეპისკოპოსის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებია წარმოდგენილი.
ეს ვითარება შეუძლებელია გულგრილად დატოვოს ადამიანმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი, ისე ამერიკაში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლების სულიერი ცხოვრება.
მერილენდში, ვირჯინიაში, ვაშინგტონში, ოკლაჰომასა და სხვა შტატებში მცხოვრები მრავალი ქართველი ამ მონასტრებთან სულიერად მჭიდრო კავშირში არიან. მათ აქვთ უფლება, მიიღონ მკაფიო და ავტორიტეტული პასუხები, რომლებიც დოკუმენტური მტკიცებულებებით იქნება გამყარებული და საეკლესიო კანონიკურ სამართალს დაეფუძნება.
საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა განსაკუთრებით სერიოზული და სამართლებრივად მნიშვნელოვანია. მერილენდის უძრავი ქონების სამართალი კრძალავს რელიგიური არაკომერციული ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური პირისთვის გადაცემას. შესაბამისად, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: შეეძლოთ თუ არა ამ ქართული მონასტრების წინამძღვრებს, სამართლებრივი თვალსაზრისით, დათანხმებოდნენ ეპარქიის კონსტიტუციის იმ პირობებს, რომელთა ხელმოწერასაც მათგან დაჟინებით მოითხოვდნენ?

ეს საკითხიც მოითხოვს მკაფიო და შინაარსობრივ პასუხს – არა ბუნდოვანი რიტორიკით ან ემოციურად დატვირთული განცხადებებით, არამედ კანონიკური უფლებამოსილების, სამართლებრივი დასაბუთებისა და გადამოწმებადი დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე.
ეს არ არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ!
პირიქით, ეკლესიის ავტორიტეტის დაცვა სწორედ სიმართლის, პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის დაცვას მოითხოვს.
ჩემი ჟურნალისტური მოკვლევა ამით არ სრულდება.
მომავალშიც ეტაპობრივად გავასაჯაროებ ჩემს მიერ მოძიებულ დამატებით დოკუმენტებსა და მასალებს, რათა საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდეს, მიმდინარე მოვლენები შეაფასოს არა ჭორების, ინტერპრეტაციებისა და სოციალური ქსელებით გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის, არამედ პირველწყაროებისა და დოკუმენტირებული ფაქტების საფუძველზე.