საბერძნეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეისმური რეგიონია. ცნობილი ბერძენი სეისმოლოგის, გერასიმოს პაპადოპულოსის მიერ გამოქვეყნებული ახალი სია კიდევ ერთხელ გვახსენებს ძლიერ მიწისძვრებს, რომლებიც ამ ქვეყანაში მომხდარა მისი ისტორიის მანძილზე.
ცნობილმა ექსპერტმა შეადგინა იმ 15 მიწისძვრის ჩამონათვალი, რომელთა სიმძლავრე არანაკლებ 7.2 მაგნიტუდა იყო. სია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ვენესუელაში მომხდარმა ძლიერი მიწისძვრების სერიამ კვლავ გაააქტიურა დისკუსია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სეისმური საფრთხეების შესახებ.
როგორ შეადგინეს რეიტინგი
პაპადოპულოსის განმარტებით, ძველი ეპოქის მიწისძვრების შეფასებისას გამოყენებულია გეოლოგიური, ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემები, ხოლო 1900 წლის შემდეგ მომხდარი მოვლენების შემთხვევაში – ინსტრუმენტული სეისმოლოგიური დაკვირვებები.
მისივე თქმით, ანტიკური და შუა საუკუნეების მიწისძვრების სიმძლავრის შეფასება აბსოლუტურად ზუსტი ვერ იქნება და შესაძლოა ცდომილება ±0,3 მაგნიტუდა იყოს, ზოგჯერ კი უფრო მეტიც.
აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალი ასახავს მიწისძვრების სიმძლავრეს და არა მათ მიერ გამოწვეული ადამიანური მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბს. ამიტომ რეიტინგში არ მოხვდა არაერთი ცნობილი კატასტროფული მიწისძვრა, რომელთა მაგნიტუდა 7.2-ზე ნაკლები იყო, თუმცა დიდი ადამიანური მსხვერპლი და უზარმაზარი მატერიალური ზარალი გამოიწვია.
საბერძნეთის ისტორიაში 15 ყველაზე მძლავრი მიწისძვრა
| ძვ. წ. 227 | როდოსი | 7.5 |
| 142 | როდოსი | 7.2 |
| 365 | დასავლეთი კრეტა | 8.3 |
| 1303 | აღმოსავლეთი კრეტა და როდოსი | 8.0 |
| 1481 | როდოსი | 7.2 |
| 1609 | როდოსი | 7.4 |
| 1829 | დრამა და ქსანთი | 7.3 |
| 1856 | კრეტის ზღვა | 7.6 |
| 1867 | კეფალონია | 7.4 |
| 1905 | ათონის მთა | 7.2 |
| 1926 | როდოსი | 7.4 |
| 1948 | კარპათოსი | 7.3 |
| 1956 | ამორგოსი | 7.7 |
| 1957 | როდოსი | 7.3 |
| 1981 | ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი | 7.2 |
ყველაზე ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთის ისტორიაში
პაპადოპულოსის შეფასებით, ამ სიაში ყველაზე ძლიერი იყო 365 წლის 21 ივლისს, გამთენიისას კრეტის დასავლეთ სანაპიროსთან მომხდარი 8.3 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ უდიდეს სეისმურ მოვლენად ითვლება.
ძლიერ ბიძგებს მოჰყვა მასშტაბური ცუნამი, რომელმაც კრეტის, პელოპონესის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ეგვიპტის სანაპიროები დააზარალა.
თანამედროვე ისტორიაში კი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრად მიიჩნევა 1956 წლის 7 ივლისს მომხდარი ამორგოსის 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელმაც ასევე ძლიერი ცუნამი გამოიწვია ეგეოსის ზღვაში.
რატომ არ მოხვდა სიაში ზოგიერთი ცნობილი კატასტროფა
სეისმოლოგი განმარტავს, რომ რეიტინგში არ არის შეტანილი, მაგალითად, 1881 წლის ქიოსის და 1953 წლის კეფალონიის დამანგრეველი მიწისძვრები, რადგან მათი მაგნიტუდა თანამედროვე შეფასებებით 7.2-ზე ნაკლები აღმოჩნდა.
ამასთან, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მძლავრი მიწისძვრა ყოველთვის არ არის ყველაზე დამანგრეველი კატასტროფა. ნგრევის მასშტაბზე გავლენას ახდენს ეპიცენტრის სიღრმე, ქალაქებთან სიახლოვე, შენობების სეისმომედეგობა, დღის დრო, მეწყრებისა და ცუნამის რისკი. სწორედ ამიტომ, უფრო მაღალი მაგნიტუდა ყოველთვის არ ნიშნავს უფრო დიდ ადამიანურ ტრაგედიას ან უფრო მასშტაბურ ნგრევას.
ნინო ბაჯელიძე

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·