სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "მეგობარი აქტს"

2 weeks ago 15

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "მეგობარი აქტს" - საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის დახმარებას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში.

კანონპროექტის სრული დასახელებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (აბრევიატურა - MEGOBARI) და ის თავდაპირველად გასული წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.

5 მარტს "მეგობარი აქტი" სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ჯინ შაჰინმა. 24 მარტს კანონპროექტის თანასპონსორი გახდა კიდევ ორი სენატორი - რესპუბლიკელი პიტ რიკეტსი და დემოკრატი კრისტოფერ კუნსი.

MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა - აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას - საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

ანგარიშგება და სანქციები - არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები - საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ პირებზე - იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა - სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა - საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის:

  • მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
  • გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს - საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე - დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მსგავსი შინაარსის აქტი - „ქართველი ხალხის აქტი“ - შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.

სრულად წაკითხვა