ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 10-ქვეყნიანი ალიანსის, „ბრიკსის“ (BRICS) ბლოკს მოუწოდა, მოირგოს მშვიდობისმყოფელის როლი და აქტიურად შეუწყოს ხელი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას.
2026 წლის 12 სექტემბერს ინდოეთში, „ბრიკსის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ მიმართულებით ალიანსის წევრებთან ითანამშრომლებს.
მან ასევე თქვა, რომ ომი „არ ემსახურება საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ინტერესებს“.
სი ძინპინმა გაიმეორა, რომ მსოფლიომ უარი უნდა თქვას „ცივი ომის მენტალიტეტზე“:
„ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული და მდგრადი უსაფრთხოების ხედვით, წინ აღვუდგეთ „ცივი ომის“ მენტალიტეტსა და ბლოკურ დაპირისპირებას, ასევე, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფასა და მათ საშინაო საქმეებში ჩარევას“, - განაცხადა მან
- „ბრიკსი“ ამჟამად აერთიანებს ბრაზილიას, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ინდოეთს, ინდონეზიას, ირანს, რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
- ბლოკის დასახელება არის პირველი ხუთი წევრი სახელმწიფოს ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურა - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ჩინეთის ლიდერმა „ბრიკსს“ „გლობალური სამხრეთის“ „წამყვანი ჯგუფი“ უწოდა და თქვა, რომ იგი არის თვითმყოფადობის მაგალითი განვითარებად ქვეყნებს შორის.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობითვე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩინეთი BRICS-ის თავმჯდომარეობას გადაიბარებს და ორგანიზაციის მე-19 სამიტს უმასპინძლებს.
ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება, სამიტის კულუარებში სი ძინპინმა შეხვედრა გამართლა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან.
ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი ინდოეთთან ურთიერთობას „სტრატეგიული, გრძელვადიანი პერსპექტივიდან“ განიხილავს.
- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს;
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.
radiotavisupleba ახალი ამბები