„მოკლულებზე ქულებს ვაგროვებთ“ — სოხუმში გადარჩენილი ქალი 33 წლის შემდეგ სახელმწიფოსგან ბინას ითხოვს
1993 წლის 27 სექტემბერს ნანა იზორიამ სოხუმში დედა და კიდევ შვიდი ადამიანი დაკარგა. თავად სასწაულებრივად გადარჩა. 33 წლის შემდეგ კი, საცხოვრებლის მისაღებად მონიტორინგის სიებში “ქულებისთვის” იბრძვის.
„ნუთუ, გადარჩენილი ცოცხალი დევნილები კიდევ ასეთი დამცირების ღირსი არიან?“ — ეს კითხვა ნანა იზორიას ეკუთვნის.
მისი ოჯახის ტრაგედია 1993 წელს მოხდა, სოხუმის დაცემის დღეს — 27 სექტემბერს.
ნანა მაშინ 24 წლის იყო და სოხუმის №5 საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებოდნენ, სკოლას ასუფთავებდნენ და ალაგებდნენ, თუმცა ომმა გეგმები შეცვალა.
სოხუმიდან გასვლა ვეღარ მოახერხეს.
ნანა იხსენებს იმ დღეებსაც, როდესაც მოსახლეობას ქალაქის დატოვებისგან თავშეკავებას ურჩევდნენ.
შემდეგ დადგა 27 სექტემბერი.
ნანა იზორიას მონათხრობის მიხედვით, მის სახლში დედასთან ერთად დახვრიტეს მისი სიძის დედაც, ბაბუცა ფიფია, ასევე მეზობლები — ნანი აბრამია და ზაირა ფაცაცია.
დახოცილთა შორის ოთხი მამაკაციც იყო — გიგლა აბრამია, შერმადინი და მისი ქვისლი, საშა ფარცვანია.
სულ — რვა ადამიანი.
მეცხრე ნანა იყო.
ის სარდაფში დამალულმა დედამ გადაარჩინა.
„რაც არ უნდა მოხდეს, ხმა არ ამოიღო“, — ეს იყო დედის ბოლო დარიგება.
ნანა სარდაფში დარჩა.
შემდეგ სროლის ხმა გაიგონა.
ეს არ არის უბრალოდ ომის მოგონება. ეს არის ოჯახის განადგურების ისტორია.
მაგრამ ამ ისტორიის მეორე ნაწილი დღესაც გრძელდება.
33 წლის შემდეგ, ბრძოლა თავშესაფრისთვის, საცხოვრებელი ბინისთვის!
ნანა იზორია, უკვე, მეექვსე წელია მუხათწყაროში ნათესავებთან ცხოვრობს.
როგორც თავად ამბობს, საცხოვრებლის მიღების იმედით სააგენტოს მონიტორინგს ელოდა.
მონიტორინგის შედეგად, მას 4,5 ქულა მიენიჭა.
ნანა ამბობს, რომ ჯგუფი ზამთარში, ძლიერი თოვლის დროს მივიდა.
პირველ დღეს, მისი თქმით, ჯგუფმა სახლამდე მისვლა ვერ შეძლო. მეორე დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცი ავიდა, ოთახი დაათვალიერა, ფოტოები გადაიღო, ინფორმაცია შეაგროვა და უთხრა, რომ ბინას აუცილებლად მიიღებდა.
მაგრამ საბოლოოდ, მისი გვარი სიაში არ აღმოჩნდა.
არც მეორე სიაში..!
მიზეზად კი, ნანა იზორიას თქმით, დაუსახელეს, რომ თითქოს მონიტორინგის ჯგუფი მის მისამართზე ორჯერ მივიდა და ის სახლში არც ერთხელ არ დახვდა.
მისი თქმით, ის სახლში ონლაინ მუშაობს და ძირითადად მუდმივად შინ იმყოფება. სახლიდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადის — ექიმთან, მაღაზიაში ან სხვა საჭიროების გამო.
„გამოდის, რადგან სახლიდან გავედი, დამსაჯეს. პატიმარი ხომ არ ვარ?“ — კითხულობს ნანა.
მისი თქმით, უწყებაში განუმარტეს, რომ მონიტორინგის ჯგუფის მოსვლის შესახებ მოქალაქისთვის წინასწარ დარეკვა დაუშვებელია.
აქ ჩნდება მთავარი კითხვა:
თუ მოქალაქეს წინასწარ არ ატყობინებენ მონიტორინგის ვიზიტის შესახებ, რამდენად სამართლიანია მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ მომენტში სახლში არ დახვდა ჯგუფს?
ეს უკვე მხოლოდ ნანა იზორიას პირადი პრობლემა აღარ არის.
ეს არის სისტემის გაუმართაობის საკითხი.
სად არის ბინა?!
ნანა ამბობს, რომ სამინისტროს მიმართა და წერილობითი განცხადებებიც დატოვა.
პასუხს დღემდე ელოდება…
ელოდება მიღებასაც…
ტელეფონი კი, როგორც თავად წერს, ყველგან თან დააქვს — იმ იმედით, რომ იქნებ, დაურეკონ და უთხრან, რომ ბინა მიიღო.
33 წლის წინ ის სარდაფში იმალებოდა, რათა გადარჩენილიყო.
დღეს კი ტელეფონს ჩახუტებული სძინავს, რათა სახელმწიფოს ზარს არ დაეკარგოს!
რა ირონიაა — მაშინ სიცოცხლეს გაურბოდა სიკვდილი, დღეს კი ბინის მისაღებად ბიუროკრატიას ებრძვის!
ნანა ერთ რამეს ითხოვს: გაარკვიონ – რა მოხდა მონიტორინგის დროს?!
თუ ჯგუფი ორჯერ მივიდა, სად არის ამის დამადასტურებელი ინფორმაცია?
რომელ დღეებში განხორციელდა ვიზიტები?
ვინ ჩაატარა მონიტორინგი?
რატომ არ აღმოჩნდა ნანა იზორია სიაში?
როგორ განისაზღვრა მისი 4,5 ქულა?
და, რაც მთავარია — არის, თუ არა შესაძლებელი მისი საქმის ხელახალი შესწავლა?
„მოკლულ ადამიანებზე ქულებს ვაგროვებთ“
ყველაზე მძიმე კი ალბათ ეს არის:
ადამიანი, რომელმაც ომში დედა დაკარგა, საკუთარ სახლში დახვრეტას გადაურჩა, მამა ტყვედ ჩავარდა, თავად კი დევნილად იქცა, 33 წლის შემდეგაც ნათესავებთან ცხოვრობს და საცხოვრებლისთვის ქულებს აგროვებს.
4,5 ქულა…
ეს ციფრი ვერ იტევს იმ ღამეს!
ვერ იტევს დედის უკანასკნელ სიტყვებს!
ვერ იტევს სოხუმის ცეცხლს!
ვერ იტევს რვა ადამიანის სიცოცხლეს!
ვერ იტევს 33 წლიან ლოდინს!
და ვერც იმ ქალის ღირსებას, რომელიც დღეს სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ პრივილეგიას კი არა, საკუთარ თავზე მორგებული სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს!
მოკლულ ადამიანებზე ქულებს ვაგროვებთ?!
ეს არის ყველაზე მტკივნეული კითხვა, რომელიც ამ ისტორიამ დაგვიტოვა.
და სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს არა ზოგადი განცხადება, არამედ, მყარი მტკიცებულებები — სად არის ნანა იზორიას საქმე, რატომ ვერ მიიღო მან ბინა და ვინ აგებს პასუხს, თუ მონიტორინგის შესახებ მის საქმეში არასწორი ინფორმაცია მოხვდა?!
33 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ გადარჩენილ ადამიანს ერთხელ მაინც უთხრან:
„თქვენ, აღარ უნდა ელოდოთ!”
Mikheil Sarjveladze
David Patsatsia / დავით ფაცაცია
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
საერთაშიროსო alia.ge