სირიის ლატაკიის პროვინციაში, სადაც რუსეთის საავიაციო ბაზაც მდებარეობს, შეტაკებები მოხდა სირიის გარდამავალი მთავრობის ძალებსა და ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.
სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ყველაზე სასტიკი შეტაკებისას მოკლულია 70-ზე მეტი ადამიანი და ათეულობით დაჭრილია. მათ შორის ორივე მხარის მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
ამასთან, სირიის საინფორმაციო სააგენტო Step-ი წერს, რომ სამთავრობო ძალების მებრძოლებმა გაანადგურეს ასადის რეჟიმის 70-მდე მხარდამჭერი და 25-ზე მეტი დაატყვევეს.
6 მარტს, სირიის სააგენტო Sana იუწყებოდა, რომ ასადის შეიარაღებული მომხრეები თავს დაესხნენ ქალაქ ჯებლის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოს. მის მახლობლად მდებარეობს რუსეთის ავიაბაზა „ხმეიმიმი“.
სირიის გარდამავალმა მთავრობამ ლატაკიის პროვინციაში დამატებითი ძალები გაგზავნა და რეგიონში „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა.
სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა ცნობები, რომ შეტაკებები იყო ტარტუსში, ჰომსსა და ალეპოშიც.
სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია"(HTS).
2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.