„ავტორიტარიზმი ყოველთვის ემყარება ნაკლებად ინფორმირებულ, ნაკლებად განათლებულ ადამიანს,“ – ამ სიტყვებით აფასებს პროფესორი და მასწავლებელი გიორგი უგულავა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებს, რომელიც სკოლებში ისტორიის სწავლებასაც შეეხო.
ამ ინტერვიუში წაიკითხავთ მოსაზრებებს იმაზე თუ რატომ მცირდება სკოლაში მსოფლიოს ისტორიის საათები და მისი სწავლება და ზოგადად რას შეიძლება ისახავდეს მიზნად იზოლაციონისტური საგანმანათლებლო პოლიტიკა.
პირველი კითხვა ასეთი მექნება: აქამდე როგორ ისწავლებოდა სკოლებში ისტორია, რამდენი საათი ეთმობოდა, რომელ საფეხურზე როგორ იყო განაწილებული ეს პროგრამა და დღეს რა იცვლება?
აქამდე მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია იყო ინტეგრირებული, ანუ ერთიანი კურსი, რაც, ვფიქრობ, ძალიან სწორია, იმიტომ, რომ მოსწავლეებს აძლევდა საშუალებას, ისტორიული პროცესები ერთიანობაში აღექვათ.
გიორგი უგულავამეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია იყოფოდა, თუმცა დალაგებული იყო ქრონოლოგიურ პრინციპზე, ანუ ერთმანეთს მიუყვებოდა. წიგნებიც და, ზოგადად, სწავლების კონცეფციაც ისე იყო აწყობილი, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო კოორდინაციაში. ეს ყოველთვის იდეალურად არ გამოდიოდა, ხშირ შემთხვევაში იყო გადაფარვები, რაღაცების გამეორება გვიწევდა როგორც ავტორებს, ისე მასწავლებლებს, იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიის რიგი საკითხები რომ გაიგო, აუცილებელია, უფრო ფართო კონტექსტს იცნობდე.
როცა მსოფლიო ისტორიის რიგ საკითხებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია მჭიდრო კავშირების გამოკვეთა საქართველოს ისტორიასთან, მაგრამ, მეტ-ნაკლებად, ეს კოორდინაცია გამოდიოდა.
ეს სისტემა, რომელიც იდეალური არ იყო, თუმცა მეტ-ნაკლებად მუშაობდა და უფრო მეტად დახვეწას საჭიროებდა, ვიდრე რაღაც რევოლუციურ ცვლილებებს, ჩემი აზრით და შეფასებით, რადიკალურად შეიცვალა.
პირველ რიგში, ყველაზე მტკივნეული ცვლილება, რომელიც არსებითად აზიანებს განათლების ხარისხს, არის ფართო კონტექსტის, რასაც მსოფლიო ისტორიას ვეძახით, დიამეტრული და მნიშვნელოვანი შემცირება.
ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ იმით, რომ დიდი კულტურებისა და დიდი ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი ვართ… ადგილი, სადაც დასავლური და აღმოსავლური კულტურები ერთმანეთს ხვდება. საქართველოს ისტორიის გაგება და სრულფასოვანი აღქმა ფართო კონტექსტის გარეშე შეუძლებელი ამოცანაა. შეუძლებელია იბერიასა და კოლხეთზე იმსჯელო რომის იმპერიისა და ბერძნული სამყაროს ცოდნის გარეშე.
შეუძლებელია, შუა საუკუნეების საქართველოზე იმსჯელო ბიზანტიის გარეშე. შეუძლებელია, სრულფასოვნად გაიგო ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების ღვაწლი და წვლილი, თუკი არ იცნობ ევროპულ განმანათლებლობას, თუ არ იცნობ დასავლურ ნაციონალიზმს.
შესაბამისად, ის, რომ საქართველოს ისტორია აღქმული უნდა იყოს ერთიანობაში, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო. ზოგადად, ჩვენ ძალიან გლობალურ, თანამედროვე და ფართო სამყაროში ვცხოვრობთ. ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები მთელ მსოფლიოს ერთმანეთთან აკავშირებს.
ამ კონტექსტში სკოლაში მსოფლიო ისტორიის საათების რადიკალური შემცირება, ფაქტობრივად ნულთან ახლოს დაყვანა და ის, რომ მეცხრე კლასის შემდეგ მსოფლიო ისტორია აღარ არსებობს და მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასებში გვაქვს მხოლოდ საქართველოს ისტორია ფართო კონტექსტის გარეშე, არ შეიძლება, რომ ძალიან ცუდად არ აისახოს სწავლების ხარისხზე.
ჩემი აზრით, და ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული, ისტორია, მათ შორის საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოს ისტორია, ინტეგრირებული უნდა იყოს. ის უნდა იყოს ერთიანობასა და კოორდინაციაში, რადგან მხოლოდ ეს აძლევს მოსწავლეს საშუალებას, საკუთარი ქართული, კულტურული უნიკალურობა ფართო კონტექსტში აღიქვას, იცოდეს, რა აქვს მას განსაკუთრებული და როგორ უნდა ეკონტაქტოს გარე სამყაროს.
მეშვიდე კლასიდანვე იყოფა ისტორია ორ საგნად, მსოფლიო ისტორია ცალკეა, საქართველოს ისტორია – ცალკე. ახლა რა პრინციპით იქნება სწავლება? მეათე კლასში, როგორც ვიცით, დრო მხოლოდ საქართველოს ისტორიას ეთმობა და მომდევნო წლებში დაგეგმილია, რომ მეთორმეტე კლასი საერთოდ გაუქმდეს და მეთერთმეტე კლასი იყოს რეპეტიტორიუმი, რის ირგვლივაც ბევრი რამაა ბუნდოვანი.
მთლიანად ეგრეთ წოდებული რეფორმის შესახებ უფრო მეტი კითხვის ნიშანი არსებობს, ვიდრე პასუხი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ განათლების სისტემაში ნებისმიერ ცვლილებას თანმიმდევრულობა სჭირდება. თანმიმდევრულობის გარეშე ყველაზე კარგი იდეაც კი არ შეიძლება წარმატებული იყოს.
როდესაც ასეთ მასშტაბურ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე თვეში, დაფარულად, ფართო დისკუსიისა და ფართო ჩართულობის, რეცენზირების, გადამოწმებისა და საკუთარი თავის (მათ შორის, ამ დაგეგმილი ნაბიჯების) კონტროლის გარეშე მიმდინარეობს, პოტენციურადაც კი შეუძლებელია ვისაუბროთ, რომ ეს ცვლილებები და რეფორმა შეიძლება წარმატებული იყოს.
ამასთანავე ვიტყვი, რომ ჩვენი განათლების სისტემა არც აქამდე იყო კარგ დღეში და ძალიან ბევრ ცვლილებას საჭიროებდა. ჩემი შეფასებით, ჩვენი სისტემისთვის სწორი სიტყვა იყო „მეტი“. ჩვენ გვჭირდებოდა მეტი დრო, მეტი რესურსი, მეტი აღმზრდელი, მეტი მასწავლებელი და მეტი ფინანსური თუ ინფრასტრუქტურული რესურსი.
სიტყვა „მეტის“ ნაცვლად ჩვენ მივიღეთ სიტყვა – „ნაკლები“. სულ მცირე, არსებულ განათლების სისტემას მოაკლდა 3 წელი. მოაკლდა 1 წელი სკოლაში, მოაკლდა 1 წელი ბაკალავრიატში და, დიდი ალბათობით, აკლდება 1 წელი მაგისტრატურაში.
ჩემთვის გაუგებარია და ლოგიკურად ვერავინ ახსნის, როგორ შეიძლება რესურსი, მათ შორის დროის რესურსი, შემცირდეს, არცერთმა სხვა კომპონენტმა არ მოიმატოს და ამ ფონზე განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს ან არ გაუარესდეს.
მინუს 3 წელი, გავიმეორებ: მინუს 3 წელი – განათლების სისტემაში აუცილებლად და მნიშვნელოვნად გააუარესებს აქამდე არსებულ, ისედაც არცთუ ისე მაღალი ხარისხის განათლებას.
რა მოცემულობა გვაქვს ახლა: რაც შეეხება ისტორიას და თქვენ ისტორიის შესახებ მკითხეთ. მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასებში საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია განცალკევებით ისწავლება. ჩემთვის გაუგებარია და ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, რატომ არის განცალკევებული ფორმატი უფრო წარმატებული, ვიდრე საერთო, ერთიან კონტექსტსა და ერთიან ბმებში წარმოდგენილი სწავლება.
მეტსაც გეტყვით, მეათე-მეთორმეტე კლასებში ახლა, ამჯერად, ამ წუთას, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია განცალკევებულად ისწავლება. თუკი ეს მოდელი წარმატებული იყო, მაშინ რატომ ვცვლით საშუალო საფეხურზე? და თუკი ეს მოდელი წარმატებული არ იყო, მაშინ მეშვიდე-მეცხრე კლასებში რატომ ვცვლით საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის ერთიან სწავლებას განცალკევებული მოდელით?
მეათე-მეთერთმეტე კლასებში (მეთორმეტე კლასს დიდი დღე არ უწერია) რჩება მხოლოდ საქართველოს ისტორია ამ ფართო კონტექსტის გარეშე. თან, საქართველოს ისტორია საკმაოდ არატრადიციული, უცნაური ფორმატით, თემებად დალაგებული რჩება და ამაზე ცალკე უნდა ითქვას… ანუ, ეს ქრონოლოგიური პრინციპიც და ქრონოლოგიური ერთიანობაც დარღვეულია.
რაც შეეხება რეპეტიტორიუმს, არავინ იცის რა იგულისხმება მასში. ეგრეთ წოდებული რეფორმის დაანონსებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ ჩანს რეპეტიტორიუმის კონცეფცია. არ ჩანს, როგორ ვაზღვევთ იმ რისკებს, რაც მეთორმეტე კლასში გვქონდა. რატომ ვამბობთ, რომ იგივე რისკები მეთერთმეტე კლასში არ იქნება? და საიდან ვიცით, რაზე დაყრდნობით შეგვიძლია დასკვნის გაკეთება, რომ ახლანდელ მეთერთმეტე კლასში, იგივე რესურსებითა და პრობლემებით, შევძლებთ მოსწავლეების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას? სამწუხაროდ, სწორედ ეს არის ხოლმე ბოლო კლასების მთავარი ფუნქცია და ეს არანაირად არ აისახება და არ ჩანს.
ანუ, რეპეტიტორიუმის კონცეფცია აბსოლუტურად ბუნდოვანია. მეტსაც გეტყვით, ეჭვი მაქვს, თავად რეფორმის ავტორებმაც არ იციან, რას გულისხმობს რეპეტიტორიუმი და არცერთი არგუმენტი არ გვაქვს იმის დასადასტურებლად, რომ მეთერთმეტე კლასში სწავლა-სწავლების ხარისხი უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.
ფაქტობრივად, ერთ წელს ვაკლებთ მოსწავლეებს. არსებული ახალი მეთერთმეტე, ანუ ბოლო კლასი, არსად ჩანს როგორი უნდა იყოს, როგორი იქნება და რატომ იქნება იმაზე უკეთესი, რაც აქამდე გვქონდა. შესაბამისად, ძალიან მაღალია რისკი, რომ სასკოლო განათლება მეათე კლასით 15-16 წლის ახალგაზრდებმა დაასრულონ. 15-16 წლის ახალგაზრდა კი, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს განათლება, საკმაოდ მოუმზადებელია საუნივერსიტეტო თუ პროფესიული ცხოვრებისთვის, ანუ ცხოვრების შემდგომი ეტაპის დასაწყებად, იმიტომ, რომ ადამიანებს ბიოლოგიური ასაკიც გვაქვს.
პირიქით, რაც უფრო განვითარებულია სახელმწიფო, მით მეტ დროს აძლევს ახალგაზრდას თვითგანვითარებისთვის. ჩვენ კი თვითგანვითარებისთვის დროს ვაკლებთ და არ ვუმატებთ. მოზარდ, ახალგაზრდა ასაკში მყოფ ადამიანებს ვეუბნებით, რომ მათ სწავლა უნდა დაამთავრონ და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მიიღონ.
სკოლა, საკლასო ოთახი, გაკვეთილი, მოსწავლეებიმეშვიდე კლასში ახლანდელი განაწილებით ორი საათი ეთმობა საქართველოს ისტორიას და ერთი – მსოფლიოს. მეათე კლასზე უკვე ვახსენეთ, რომ მსოფლიო ისტორია საერთოდ ამოღებულია და დრო მხოლოდ საქართველოს ისტორიას ეთმობა. 2022 წელს, როცა ცნობილი გახდა, რომ მეათე კლასში ისტორია გაიყოფოდა და საქართველოს ისტორია ცალკე საგნად ისწავლებოდა, ეს რეფორმა ისე შეიფუთა, თითქოს სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდებოდა. თუმცა, თქვენც აღნიშნეთ, რომ საქართველოს ისტორია არ არის ცალკე მდგომი საგანი, საქართველო არ არის ცალკე მდგომი ქვეყანა და ამ ფორმატის სწავლებით მოსწავლეს კონტექსტების აღქმა გაუჭირდება. როგორც მასწავლებელი, უშუალოდ რა პრობლემას ხედავთ სწავლების კუთხით. დღევანდელი მოცემულობით რა სირთულეს წააწყდება მასწავლებელი და მოსწავლეც?
მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია პირველად გაიყო, მე ამ პროცესებში ჩართული ვიყავი. მაშინაც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამ ტიპის გაყოფის.
ზოგადად, ის რაც ხდება ისტორიაში (და ისტორია ძალიან პოლიტიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებაა), აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენ გარშემო, ჩვენს გარემოში, ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში. მანდ აუცილებელია გამოიკვეთოს, რომ მიმართულება, რაც ახლა ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის აქვს აღებული, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ კავშირები დასავლურ სამყაროსთან, „აგენტები“ ვუწოდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასავლურ ორგანიზაციებში მუშაობენ, და მაქსიმალურად ვცადოთ ევროპული და დასავლური კულტურის დემონიზაცია, განათლების სისტემის დონეზეც აისახება. მათ შორის აისახება ისტორიაშიც.
ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან ბმის შემცირებით, ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელშიც ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა და იქ მათი განათლების სრულფასოვნად აღიარების შანსი. ჩვენ აქამდე, ავად თუ კარგად, მუდამ ვცდილობდით, რომ ქართული განათლების სისტემა დასავლური საგანმანათლებლო სისტემის ორგანული ნაწილი ყოფილიყო.
დასავლური გრანტებითა და დახმარებებით ძალიან ბევრი კარგი საქმეა გაკეთებული, მათ შორის, ქართულ კვლევით სივრცეში. ქართველ პროფესორებსა და ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სწავლა, მუშაობა და კვლევა დასავლურ სივრცეში გაეგრძელებინათ და ეს ორგანული ბმა იყო.
ახლანდელი ცვლილებებით, მათ შორის იმით, რაც ისტორიის დონეზე ხდება (ეს შეიძლება რაღაც მიკრომოდელია), ევროპულ და დასავლურ სამყაროსთან ბმები სულ უფრო მცირდება. ისტორია კი არის დისციპლინა, რომელიც სამყაროს აღქმაში გვეხმარება.
მე მაქვს განცდა, რომ სახელმწიფოს, თუ სისტემას, უნდა, საქართველოს მოქალაქე საკუთარ თავს მაქსიმალურად ნაკლებად აღიქვამდეს გარე სამყაროს ნაწილად და მაქსიმალურად ნაკლებად იცნობდეს გარე სამყაროს. მეტსაც ვიტყვი: ავტორიტარიზმსა და პროპაგანდას ყოველთვის ეს მიზანი აქვს, ადამიანი ჩაკეტილ საზოგადოებაში იყოს და ნაკლებად შეეძლოს პროცესებს ანალიტიკურად და კრიტიკულად მიუდგეს.
პროპაგანდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ძლიერი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გავყიდოთ ისეთი სისულელე, თითქოს ევროპა ღრმა კრიზისშია, ჩვენ კი გვილხინს და მყარად ვდგავართ ფეხზე, თუკი ადამიანი არ არის ინფორმირებული. ავტორიტარიზმი ყოველთვის ეფუძნება და ემყარება ნაკლებად ინფორმირებულ, ნაკლებად განათლებულ ადამიანს, რადგან პროპაგანდა ყოველთვის იმ საზოგადოებრივ ქსოვილში ხარობს და ხეირობს, სადაც განათლების დეფიციტია.
და პირიქით, დემოკრატია შეიძლება დამყარდეს მხოლოდ იქ, სადაც ადამიანებს აქვთ ორი რამ: მაღალი ხარისხის განათლება იმისთვის, რომ მზად იყვნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის, და ეკონომიკური თვითმყოფადობა (წელგამართულობა) იმისთვის, რომ დამოუკიდებელ მოქალაქეებად შეძლონ არსებობა.
თქვენი აზრით, რა არის ამ რეფორმის შედეგი და რეალურად რა მიზანს ემსახურება? როგორი მოსწავლის, და შემდგომ როგორი მოქალაქის მიღება უნდათ? ცხადია, რომ სკოლა მხოლოდ განათლების მიღების ადგილი არ არის, ის მოქალაქეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და ჩართულობისთვის, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებში გადაწყვეტილების მიღებისთვისაც უნდა ამზადებდეს.
სკოლის ძირითადი ფუნქცია მოქალაქის აღზრდაა. სკოლაში ადამიანი პროფესიული განათლებისთვის არ ემზადება, ამისთვის სხვა ეტაპები არსებობს.
ჩვენი სისტემა მაქსიმალურად უშლის ხელს აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას. ის არ უწყობს ხელს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების მქონე მოქალაქის ფორმირებას.
თუნდაც ის, რაც ისტორიის სწავლებაში ხდება, არის ანალიტიკური კომპონენტის შემცირება და ისტორიის დაყვანა რაღაც ლეგენდების, მითების თუ ზოგადი ნარატივების დონეზე.
აქამდე ქართულ განათლების სისტემას ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც წინ მიდიოდა და ცდილობდა, ფასეულობითად, მეთოდოლოგიურად და ადამიანური ბმებით დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ახლა კი სისტემა ცდილობს, რომ, ერთი მხრივ, ეს შეამციროს, და მეორე მხრივ, ჩვენთვის განათლება ნაკლებად პრიორიტეტული ხდება, რადგან განათლებაში დახარჯული რესურსი, მათ შორის ყველაზე ძვირფასი რესურსი, დრო – მცირდება.
მცირდება ფაკულტეტების რაოდენობა, იმიტომ, რომ პრინციპი „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ (რომელიც დედამიწაზე სხვაგან არ არსებობს და მხოლოდ საქართველოშია), არჩევანს ამცირებს. მცირდება არჩევანი, მცირდება კონკურენცია და ეს აუცილებლად შეამცირებს როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე უნივერსიტეტებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ მთელი რიგი ნაბიჯებია გადადგმული და ამ უნივერსიტეტს განვითარებისთვის თითქმის არანაირი სივრცე აღარ რჩება.
ანუ, მთლიანად სექტორი მცირდება. განათლებაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული ინვესტიცია, დროის ინვესტიცია, ფინანსური ინვესტიცია, არჩევანის თავისუფლება, კონკურენტული გარემო, ეს ყველაფერი მცირდება. შედეგად რას ვიღებთ?
ჩვენ ვიღებთ განათლების სისტემას, რომელშიც ახალგაზრდებს სწავლისთვის ნაკლები დრო აქვთ. ვიღებთ სისტემას, სადაც ახალგაზრდებს ნაკლები რესურსი აქვთ დასავლურ სივრცეში სწავლის, კვლევისა და პროფესიული ცხოვრების გასაგრძელებლად.
ვიღებთ განათლების სისტემას, რომელშიც ახალგაზრდებს ბევრად ნაკლები დრო აქვთ, მინუს სამი წელი განვითარებისა და სწავლისთვის. ვიღებთ სისტემას, სადაც ადამიანებს აქვთ ბევრად ნაკლები არჩევანი, ნაკლები უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, სადაც სწავლის გაგრძელება შეუძლიათ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ და ვიღებთ სისტემას, სადაც აკადემიური სექტორი, პროფესურა, ფაკულტეტები და უნივერსიტეტები მცირდება.
ჩვენ ვიღებთ უფრო ნაკლებ ბმას დასავლურ, ევროპულ აკადემიურ სივრცესთან. ეს ნიშნავს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ნაკლებ შესაძლებლობას, იქ გააგრძელონ სწავლა, მიიღონ სტიპენდიები და დაფინანსებები. ეს ნიშნავს ჩვენი მკვლევრებისთვის გრანტებისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების მიღების ნაკლებ შესაძლებლობას.
ჯამში, განათლების სექტორი მცირდება: მცირდება დროის თვალსაზრისით, არჩევანის თვალსაზრისით, კონკურენციის თვალსაზრისით და, მათ შორის, ხარისხობრივად, რადგან განათლება გარე სამყაროს (განსაკუთრებით ისტორიის) კრიტიკულ, ანალიტიკურ გააზრებას ეფუძნება და ეს ყველაფერი ნულთან ახლოს იქნება.

თქვენ „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ ახსენეთ, მაგრამ ამ რეფორმის შედეგად ერთი სახელმძღვანელოს პრინციპიც შემოვიდა. საჯარო სკოლებში მასწავლებლებს არჩევანის საშუალება აღარ ექნებათ და ისტორია ამ სახელმძღვანელოთი უნდა ასწავლონ. ეს რა სირთულეს ქმნის?
პრინციპი, რომელიც ახალ განათლების სისტემას აქვს და მთავარი პრინციპი, რომელიც მიმდინარე ცვლილებებს ყველა დონეზე აერთიანებს, არის ნაკლები არჩევანი. ნაკლები კონკურენცია და ნაკლები არჩევანი. ეს სახელმძღვანელოების დონეზეც აისახება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ განსაკუთრებით ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე და, მით უმეტეს, ისტორიაზე, რომელიც ზუსტი მეცნიერება არ არის, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია ინტერპრეტაციისა და განსხვავებული გააზრების მეცნიერებაა.
დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ეკონომიკური პრინციპია ის, რომ კონკურენცია და არჩევანი ხარისხს ზრდის. ჩვენ კი განსხვავებული გზით მივდივართ: ვამცირებთ კონკურენციასა და არჩევანს. შესაბამისად, აღარც მასწავლებელს და აღარც მოსწავლეს აღარ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს მისთვის სასურველი სახელმძღვანელო, რესურსი, მისთვის სასურველი დამოკიდებულება ისტორიისადმი, საკითხისა და საგნისადმი. მასწავლებლის შესაძლებლობა და არჩევანის თავისუფლება მცირდება.
ამავე დროს, ძალიან ცუდია, რომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს დაჩქარებულად, განხილვებისა და დისკუსიის გარეშე, ფაქტობრივი რეცენზირების გარეშე.
რეცენზირება და კონკურსი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მათ შორის სახელმძღვანელოებისთვის, რადგან ხარისხის გაუმჯობესება მხოლოდ დისკუსიითა და ფაქტების გადამოწმებით შეიძლება.
როდესაც ვსაუბრობთ სახელმძღვანელოებზე, რომლებიც სულ რამდენიმე თვეში შეიქმნა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმისა და სტანდარტის გარეშე (ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ სახელმძღვანელო დაიწერა და მერე შეიქმნა სტანდარტი), ანუ როცა ვერ ვხედავთ ერთიან მონახაზს, ვერ ვხედავთ სტრატეგიას, საკმარის დროსა და ჩართულობას, და ამ ფონზე იქმნება ახალი კონცეფცია და ახალი სახელმძღვანელოები, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ამ პირობებში ვინმეს ხარისხიანი პროდუქტის შექმნა შეეძლოს.

უშუალოდ სახელმძღვანელოზეც რომ ვისაუბროთ. უკვე ბევრი მოსაზრება დაიწერა, არაერთი ისტორიკოსი გამოეხმაურა. ვნახეთ, რომ არის შეცდომები, მათ შორის ფაქტობრივი. ეს წიგნი შეფასდა როგორც ავტორისეული ტექსტი და არა როგორც ისტორიის პრინციპიდან ამოსული სახელმძღვანელო. ვნახეთ, რომ ზოგ შემთხვევაში კომენტატორებად ლიტერატორები არიან მოხმობილი. თქვენ რა პრობლემებს ხედავთ და როგორ აფასებთ ზოგადად ამ სახელმძღვანელოს?
მე სახელმძღვანელოებს ზოგადად ვიცნობ, დეტალურად ჯერ არა. ამიტომ, ზოგადად გიპასუხებთ: იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს საკმარისი დრო, არ არსებობს გამართული კონცეფცია, ჩართულობა და ფაქტობრივი რეცენზირება, ხარისხიანი პროდუქტის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამას ვერავინ შექმნის. მეც მიმიღია მსგავსი თხოვნა, რომ ამ ტიპის სახელმძღვანელო გამეკეთებინა, და უარი მითქვამს. იმიტომ კი არა, რომ საკუთარ თავს არ ვენდობი, არამედ იმიტომ, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია თუნდაც მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება.
მეორე მხრივ, ძალიან პრობლემურია კონცეფცია. მეათე კლასში, საშუალო საფეხურზე, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იწყებს სამყაროს ანალიტიკურ შეცნობასა და კრიტიკულ გააზრებას, ჩვენ ვასწავლით, მაგალითად, „ისტორია და პიროვნება“. ეს შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ მას უფრო პიროვნების როლზე ფოკუსირებული, ლეგენდის ან მხატვრული ნარატივის ფორმა აქვს. ეს მიდგომა შეიძლება მეექვსე-მეშვიდე კლასში იყოს გამართლებული, როდესაც დიდი მეფეების თუ საზოგადო მოღვაწეების მიმართ პირველი ემოციური ბმა უნდა ჩამოყალიბდეს.
მაგრამ მეათე კლასში, როცა გვაქვს მხოლოდ საქართველოს ისტორია, დაყოფილი თემებად, და ამ თემებშიც წინა პლანზეა წამოწეული „ისტორია და პიროვნება“, ეს კონცეფცია იმდენად პრობლემურად გამოიყურება, რომ ამის მიხედვით ხარისხიანი სწავლა-სწავლების განვითარება ძალიან რთულად წარმომიდგენია.
ჩემთვის მთავარი პრობლემა ეს კონცეფცია და მეთოდოლოგიაა, თუ როგორ ვეხმაურებით განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს. ის, რომ მერე უკვე რომელღაც გვერდზე ვის რა არ მოეწონა, მეორეხარისხოვანი, თუმცა მაინც პრობლემური საკითხია. მეტსაც გეტყვით: თითქმის შეუძლებელია დაიწეროს ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც ყველას მხარდაჭერა ექნება. ისტორიას ინტერპრეტაციის შესაძლებლობა აქვს და ბევრ რამეზე ხედვები განსხვავებულია. ამიტომაც სჯობს, რომ იყოს მრავალფეროვანი არჩევანი და კონკურენცია, რათა მასწავლებელს, სკოლასა და მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მისთვის საინტერესო ინტერპრეტაცია და რესურსი თავად აირჩიოს.
ერთ კონკრეტულ მაგალითზე რომ ვისაუბროთ – გეორგიევსკის ტრაქტატი. მართალია, მეათე კლასის სახელმძღვანელო სრულად არ არის გამოქვეყნებული და ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილი ვიცით, მაგრამ ხომ არ გრჩებათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს წიგნი ერგება ტრაქტატის იმ შეფასებებსა და ნარატივს, რაც ბოლო დროს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ?
ამ ახალ წიგნებს დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა ის გარემო, რაც ჩვენს ქვეყანაშია მთლიანობაში, მათ შორის ის აბსოლუტურად ფსევდოისტორიული ნარატივები, რომლებიც ბოლო პერიოდში გვესმის გეორგიევსკის ტრაქტატის, ძალიან დიდი ქართველი მეფის ერეკლე მეორისა და ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, პროპაგანდისტულია. მას ისტორიულ რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს და ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ხშირია ავტორიტარულ სისტემებში, ისტორიის გამოყენებას პროპაგანდისტული მიზნებით.
შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში ასეთი გარემო არსებობს, ჩემი აზრით, ყველას, მათ შორის მთელ განათლების სისტემას, აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ პროცესი სახელმძღვანელოების შექმნის ჩათვლით, იყოს იმდენად გამჭვირვალე, ნათელი, რეცენზირებადი და გადამოწმებადი, რომ მსგავსი ინტერპრეტაციებისა და მოსაზრებების გაჩენის ალბათობაც კი გამოირიცხოს.
სამწუხაროდ, როდესაც პროცესი დახურულია, არ არის გამართული და ვერ ვხედავთ რა კრიტერიუმით შეირჩა ესა თუ ის სახელმძღვანელო თუ ავტორი, ან რა კრიტერიუმით ვქმნით ახალ კონცეფციას; როდესაც ამდენი კითხვის ნიშანი არსებობს, ბუნებრივია, ნებისმიერი სიახლის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჩნდება. ეს შეიძლება იყოს სამართლიანი ან არასამართლიანი, მაგრამ პროცესი იმდენად არასწორად წარიმართა და, მით უმეტეს, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება, რომ ისტორიის აღქმა, გადამუშავება და რეპრეზენტაცია პროპაგანდისტული მიზნებით მიმდინარეობს. მათ შორის არის გეორგიევსკის ტრაქტატის საკითხიც.
როდესაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში იმ ტიპის ნარატივებს, რომ მაგალითად „რუსეთმა საქართველო გადაარჩინა“, რომ რუსული ოკუპაცია იყო აუცილებელი ბოროტება და დადებითი შედეგებიც ჰქონდა, ბუნებრივია, ამ გარემოში ახალი სახელმძღვანელოების შექმნა განსაკუთრებით დელიკატური და სენსიტიურია.
ამიტომ, როდესაც გვინდა, რომ დავიწყოთ რეფორმა და ამ რეფორმას ჰქონდეს მთელი განათლების სისტემის მიმღებლობა და მხარდაჭერა, მთლიანად პროცესი ისე უნდა ავაწყოთ, რომ ამ ძალიან დელიკატურ და სენსიტიურ საკითხებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაეცეს და ეჭვის ალბათობაც კი არ უნდა არსებობდეს.
ბოლო კითხვა მექნება: რა შეიძლება გააკეთოს საჯარო სკოლაში მასწავლებელმა ამ სახელმძღვანელოს ფარგლებში?
ამ პირობებში ჩვენი მასწავლებლების, სასკოლო საზოგადოებისა და, ზოგადად, საზოგადოების იმედი უნდა გვქონდეს.
როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიულ ტრადიციაზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე, ეს აუცილებლად ეფუძნება აქტიურ, ინიციატივიან მოქალაქეს.
სამწუხაროდ, ხანდახან ვხედავთ მსგავს ისტორიებს, ხანდახან ვერა. ისტორიის შემთხვევაში, მე ვურჩევდი მასწავლებლებს, რომ ყველა ვარიანტში მაქსიმალურად ანალიტიკურად და კრიტიკულად მიუდგნენ ყველაფერს და მაქსიმალურად ფართოდ, გლობალური პერსპექტივით…
მასწავლებლებს შემიძლია მხოლოდ ვურჩიო, რომ ინიციატივა მაქსიმალურად აიღონ საკუთარ თავზე. საკითხები მოსწავლეებამდე უნდა მივიდეს იმ ფორმით, რომელიც ეფუძნება ჩვენს კულტურულ მონაპოვარს, ჩვენს დასავლურ არჩევანსა და საკონსტიტუციო ღირებულებებს და არასოდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ პროპაგანდას იმის საშუალება, რომ ისტორია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.
netgazeti