სომხეთის მეორე ქალაქ გიუმრის ოპოზიციონერი მერი ეყოლება „კომუნისტური პარტიიდან“

6 hours ago 1

სომხეთის სიდიდის მეორე ქალაქს, გიუმრის, - რომლის მოსახლეობაც 120 000 ადამიანია, - ოპოზიციონერი მერი ეყოლება.

2025 წლის 30 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა ქალაქ გიუმრიში, რომლის მერიც, საკრებულოს 13 წევრთან ერთად, თანამდებობიდან 2024 წლის ოქტომბერში გადადგა.

სომხეთის კანონმდებლობით, ქალაქის მერს საკრებულოს უმრავლესობა ირჩევს. რიგგარეშე არჩევნები 30 მარტს გაიმართა.

არჩევნებში პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანის მმართველი პარტია, „სამოქალაქო კონტრაქტი“ გავიდა ხმების 36.8 პროცენტით.

თუმცა მმართველმა გუნდმა 33-წევრიან საკრებულოში მხოლოდ 14 ადგილის მოპოვება მოახერხა.

დანარჩენი 19 ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

მეორე ადგილზე გავიდა სომხეთის კომუნისტური პარტია ხმების 20.7%-ით, მესამე ადგილზე კი - „ჩვენი ქალაქის“ ბლოკი - თითქმის 16%-ით.

მეოთხე-მეხუთე ადგილები გადაინაწილეს ტელეპროდიუსერ რუბერ მხითარიანისა და ბიზნესმენ კარენ სიმონიანის პარტიებმა, „ჩვენმა ძლიერმა თემმა“ და „დედა სომხეთმა“ - 7.9 და 6.2 პროცენტი.

გიუმრის მერი „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენელი ვართან ღუკასიანი ხდება - ამავე ქალაქის ყოფილი მერი. მას ოთხივე ოპოზიციური ჯგუფის წევრები აძლევენ ხმას.

ღუკასიანს მალევე დაუჭირეს მხარი მეოთხე-მეხუთე ადგილზე გასულმა ჯგუფებმა, საბოლოოდ კი მას ხმა „ჩვენმა ქალაქმაც“ კი დაუჭირა, - მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის კანდიდატი მარტუნ გრიგორიანი „კომუნისტური პარტიის“ კანდიდატ ვართან ღუკასიანთან სასტიკად არის დაპირისპირებული.

გრიგორიანმა განაცხადა, რომ ეს მის პოლიტიკურ კარიერაში იყო „ურთულესი გადაწყვეტილება“, თუმცა გამოაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები, რომლებიც საკრებულოში შედიან, მერის პოსტზე მხარს მის მეტოქეს დაუჭერენ.

ამასთან, გრიგორიანმა განაცხადა, რომ ღუკასიანი „ყველაზე მოწყვლადი“ კანდიდატია, რადგან მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. გრიგორიანის თქმით, შესაძლოა, ღუკასიანი მალე დააკავონ.

სრულად წაკითხვა