სომხეთში იმედოვნებენ, რომ ვიზების ლიბერალიზაცია რეალობად იქცევა

1 month ago 14

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის თანათავმჯდომარე არმან ეღოიანი იმედოვნებს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიზების ლიბერალიზაცია რეალობად იქცევა.

ორი კვირის წინ სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყებას შეეხება.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პარლამენტში გამართულ ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის სხდომაზე არმან ეღოიანმა განაცხადა, რომ ექვსი წლის წინ, როდესაც ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის თანათავმჯდომარის პოსტი დაიკავა, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო კავშირები სრულიად სხვა დონეზე იყო.

„იმ დროს ვერ ვგრძნობდი, რომ ევროპარლამენტი ჩვენი რეგიონის პრობლემებით ყველა დეტალით ინტერესდებოდა. ევროპარლამენტს სხვა პრიორიტეტები ჰქონდა”.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილება ბოლო წლებში მოხდა. განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების დღის წესრიგში.

„ამჟამად სომხეთი ევროკავშირთან ახალ პარტნიორობის დღის წესრიგს განიხილავს, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს არსებული სამართლებრივი ბაზის ფარგლებს მიღმა წაიყვანს“, – განაცხადა ეღოიანმა.

ეღოიანის თქმით, გასულ წელს მიღწეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იყო სომხეთ-ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყება.

„ეს გადაწყვეტილება დიდხანს ველოდით და წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ცალ-ცალკე მუშაობაშიც“.

ეღოიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს და დაარწმუნა, რომ ამას სომხეთის მხრიდან ტექნიკურ დონეზე შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, რადგან პოლიტიკური ნება არსებობს.

“ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიზების ლიბერალიზაცია რეალობად იქცევა. ყოველ შემთხვევაში, სომხეთი თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს მოხდეს“, – განაცხადა ეღოიანმა.

სრულად წაკითხვა