19.07.2026
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ინფორმაციით, უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, თუშეთში მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
შედეგად, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია.
„აღნიშნული ხიდი უზრუნველყოფს სოფლების — შენაქოსა და დიკლოს კავშირს სოფელ ომალოსთან, ასევე ბარის მიმართულებასთან. თუ იმყოფებით სოფელ შენაქოს ან დიკლოს ტერიტორიაზე, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან. ნებისმიერი ლოგისტიკური, სამედიცინო თუ გადაუდებელი საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112) ან ადმინისტრაციას (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 599 004 972 ლადო კახოიძე). უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიკურია“, — ნათქვამია განცხადებაში.
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ცნობით, შექმნილი ვითარების შესახებ ოპერატიულად არის ინფორმირებული ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება და მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.
ომალო-შენაქო-დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

20 hours ago
13







English (US) ·
Georgian (GE) ·