სტამბოლში ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში იმამოღლუს გათავისუფლების მოთხოვნით

3 days ago 3

შაბათს, 29 მარტს სტამბოლში შეკრებილი ათიათასობით ადამიანი პროტესტს გამოთქვამს ქალაქის მერის, ექრემ იმამოღლუს, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარი კონკურენტის, დაპატიმრების გამო.

გასულ კვირაში იმამოღლუს დაკავებას მრავალათასიანი დემონსტრაციები მოჰყვა თურქეთის ბევრ ქალაქში. საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო, მაგრამ დააკავეს 2000-მდე ადამიანი.

მთავარმა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ (CHP), სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, უფლებადამცველებმა და დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ იმამოღლუს წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიზებული მცდელობა, რომ ერდოანს მომავალ არჩევნებში კონკურენტი ჩამოაშორონ.

თურქეთის ხელისუფლება უარყოფს რაიმე გავლენას სასამართლო სისტემაზე და აცხადებს, რომ სასამართლოები დამოუკიდებელია.

29 მარტის დემონსტრაციაზე გამოსულები თავიდან ქალაქის აზიურ ნაწილში შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ თურქეთის დროშები და პლაკატები თურქეთის თანამედროვე სახელმწიფოს დამაარსებლის, ქემალ ათა თურქის გამოსახულებით.

დემონსტრანტები იმამოღლუს გათავისუფლებასთან ერთად მოითხოვდნენ ერდოანის გადადგომას.

ამასობაში იმამოღლუს ადვოკატი საპატიმროდან გაათავისუფლეს. პოლიციამ ის ფულის გათეთრებაში ეჭვის გამო დააკავა.

თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ექრემ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა დაპატიმრების შემდეგ.

თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, 54 წლის იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც. 23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სრულად წაკითხვა