სტამბოლში მოლაპარაკების წინ რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია

6 hours ago 3

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 15 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 110 დრონით.

სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, დასავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში ჩამოაგდეს 62 ე.წ. დამრტყმელი დრონი, 29 უპილოტო-იმიტატორი კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლტავის და კიევის ოლქებში დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი. კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა ტყის მასივში. სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში დაზიანებულია რამდენიმე ათეული სახლი, საბავშვო ბაღი და მაღაზიები. ნაწილობრივ დაინგრა კულტურის სახლი.

ხერსონის საოლქო პროკურატურის ცნობით, ბერისლავის რაიონში დრონით დარტყმა იყო ავტომანქანაზე, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა. დაიჭრა მძღოლი.

დღეს სტამბოლში იწყება უკრაინის და რუსეთის ოფიციალური პირების მოლაპარაკება.

14 მაისს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. ის მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე, რომლებიც ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან სტამბოლში მიმდინარეობდა და უშედეგოდ დასრულდა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა და ის, რომ პუტინი სტამბოლში ჩასვლას არ აპირებს, მედიასაშუალებებმა, მათ შორის CNN-მა და Reuters-მა თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში არ გაემგზავრება. მანამდე ტრამპი თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავდა.

დღეს, 15 მაისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.

ანკარაში გამგზავრებამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებაში მონაწილეობას დასთანხმდება, ის და ერდოანი მზად არიან, ანკარიდან სტამბოლში ჩავიდნენ.

10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.

სრულად წაკითხვა